საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, პარლამენტის სახელით, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარება გამოთქვა.
"მინდა, თქვენთან ერთად და თქვენი სახელით, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბატონი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო. დამეთანხმებით, რომ ქალბატონი ირინა ენუქიძის გარდაცვალებით ჩვენ დავკარგეთ ქართველი დედის სიმბოლო და ეტალონი, ბატონი იურის გარდაცვალებით, ჩვენ ქართველი მამის სიმბოლო და ეტალონი გამოგვეცალა. მინდა, თქვენთან ერთად ვისურვო და მივცეთ პირობა ყველას, რომ ქართველი დედები და მამები აღარ შეეწირებიან თავიანთი მოკლული შვილებისთვის ბრძოლას და დამნაშავეების დასჯისთვის ბრძოლას“, _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, დამნაშავეების დასჯა ქართული სახელმწიფოს ვალია.
"ამას თავად გააკეთებს ქართული სახელმწიფო. ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის ჩვენი ვალი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, მკვლელების სამიზნე მხოლოდ იური ვაზაგაშვილი არ იყო. "თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამის გამო ვინმე გაჩუმდება – არ უნდა გაჩუმდეს, სათქმელი უნდა ითქვას და მეორე, თუ ამის მიზანია ქართული სახელმწიფოს გამოცდა, ხელისუფლების გამოცდა, შეგვიძლია თუ არა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, გამოვიძიოთ დანაშაული, თუ რამე შეცდომა იყო დაშვებული, ამ შეცდომას გავუმკლავდეთ, შევხედოთ რეალურად თვალებში და ნაბიჯები გადავდგათ – ზუსტად ეს უნდა გავაკეთოთ, ეს იქნება ჩვენი სწორი რეაქცია ამ ყველაფერზე“, _ აღნიშნა უსუფაშვილმა.