ტოჩინოშინიმ, ლევან გორგაძემ, მორიგი შეხვედრაც წააგო და უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ მიმდინარე ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს. ჩვენებური ამჯერად იორიკირით აღმოსავლეთის მეხუთე მაეგაშირა კაისეიმ დასცა დოჰიოზე. ეს ტოჩინოშინის მერვე მარცხია 4 მოგების წილ, წინ კი მხოლოდ სამი საშეჯიბრო დღეა დარჩენილი. არადა, წინა ტურში იჩინოჯოსთან მოგებით თითქოს გაჩნდა ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულების შანსი, ოღონდ დარჩენილი პაექრობებიდან ქართველს არც ერთი არ უნდა წაეგო. სამწუხაროდ, ტოჩინოშინი საკუთარ თავს ვერ გადაახტა და ახლა რეიტინგში დაქვეითდება. შესაძლოა, დასავლეთის პირველი მაეგაშირას ტიტულსაც გამოეთხოვოს.
ქვედა დივიზიონში ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ მოიგო გაგამარუმ, თეიმურაზ ჯუღელმა – დაიეიშო დაჯაბნა და ახლა მისი ბალანსი 9:3–ზეა. ხვალ, მომდევნო წრეში ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მეექვსე მაეგაშირა ოკინოუმის დაეჭიდება, გაგამარუს მეტოქე კი ჩიუო იქნება.
ბაშოს წაუგებლად ლიდერობს დიდი მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც 12–ვე პაექრობა მოიგო. ბევრისთვის გასაკვირად, მას კვლაში არა სხვა იოკოძუნები ან ოძეკები უდგანან, არამედ დასავლეთის მეორე მაეგაშირა იკიოი 11:1 ბალანსით. მონღოლთა მეორე იოკოძუნას – ჰარუმაფუჯის მონაგარი 10 მოგება და 2 მარცხია, როგორც – ოძეკი კისენოსატესი. მონღოლთა მესამე იოკოძუნამ – კაკურიუმ 9 შეხვედრა მოიგო და 3 წააგო. ხვალ ყველაზე დიდ ინტერესს კისენოსატესა და ჰაკუჰოს შეხვედრა იწვევს.