შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებობიდან გადადდგომას, "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილის სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომას ვეხმაურები. ვაზაგაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებელია მთელი ხელისუფლება და არა მხოლოდ შინაგან საქმეთა (უკვე ყოფილი) მინისტრი.
ხელისუფლების ყოვლადგაუმართლებელმა პოლიტიკამ, კოჰაბიტაციის პროექტმა, თანამდებობებზე ზონდერების დაწინაურებამ, გახმაურებული საქმეების თაროზე შემოდებამ, სერიოზული მოწმეების გაწირვამ და არდაცვამ წაახალისა ტერორიზმი, წაახალისა ძალადობა, რომლის მსხვერპლიც დღეს იური ვაზაგაშვილია და ხვალ ვინ იქნება, კაცმა არ იცის. ჭიკაიძე ვერ იქცევა განტევების ვაცად. ვიმეორებ: პასუხისმგებლობას ინაწილებს მთელი ხელისუფლება და მაშინ მთავრობაც გადადგეს და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევენები, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სამუდამოდ განიდევნოს საქართველოს პარლამენტიდან. ხელისუფლების 2 წლიანმა ჟღურტულმა ნაცისტებთან მიგვიყვანა ყარაფილას სასაფლაომდე. ვაღიაროთ, რომ დღეს საზოგადოება დაშინებულია. 2012 წლის ოქტომბერში მოპოვებული თავისუფლება, სილაღე, სიხარულის განცდა სამარცხვინოდ დამარხეს. ადამიანთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მისი სამართალი უკვე აღარასდროს აღდგება… რომ წართმეულ ქონებას მას აღარავინ დაუბრუნებს… რომ მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას წლები დასჭირდება… ამას მიაღწია ხელისუფლებამ და კიდევ ამ საერთო ნიჰილიზმს ის დაემატა, რომ ქალაქში… ქვეყანაში შიში გაჩნდა. შიში იმისა, ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?