საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს დღეს, 24 იანვარს სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან უკრაინის ქალაქ მარიუპოლის სამოქალაქო დასახლებების დაბომბვასთან დაკავშირებით, რასაც უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა.
– განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო პერიოდში უკრაინის ქალაქებში დონეცკში, ვოლნოვახასა და მარიუპოლში განხორციელებული თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის განუხრელი ზრდა, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ისედაც არსებულ, უკიდურესად მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს.
მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო დასახლებების წინააღმდეგ გამანადგურებელი შეიარაღების მიზანმიმართული გამოყენება საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს და თითოეული შემთხვევა სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, უთანაგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და იზიარებს მათ მწუხარებას, _ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.