თურქეთის ქალაქ კაისერში ისტორიული მნიშვნელობის მქონე მართლმადიდებლური ტაძარი იყიდება _ ამ ინფორმაციას ვებ-გვერდი "pravoslavie.ru" ავრცელებს.
საიტის ინფორმაციით ტაძარი XVIII საუკუნით თარიღდება და ის მართლმადიდებლური ქრისტიანობის ცნობილი ცენტრის _ ძველი კესარია-კაბადოკიის, ახლანდელი კაისერის ტერიტორიაზე მდებარეობს. ტაძარი გასაყიდად ინტერნეტში ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ომერ სიციმოღლუმ გამოიტანა, რომელმაც ეკლესიის მიტოვებული შენობა 2013 წელს შეისყიდა.
შენობის ამჟამინდელმა მეპატრონემ სააგენტო „ ანადოლუ“-ს შეატყობინა, რომ ეს ტაძარი „მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტს“ წარმოადგენს, რომლის აღდგენაც ისევ გახლავთ შესაძლებელი. სიციმოღლუს თქმით, მას სურვილი აქვს ტაძარი იმ ადამიანებს მიყიდოს, რომლებიც მის აღდგენას შეეცდებიან.
ომერ სიციმოღლუმ, რომელიც უძრავი ქონების ბიზნესში მოღვაწეობს, განცხადება ტაძრის გაყიდვის შესახებ თურქეთის ერთ-ერთ ინტერნეტ-მაღაზიაში განათავსა.
სიციმოღლუ მართლმადიდებლური ტაძარს 450 000 ევროდ აფასებს.