ლანჩხუთის "გურიას" საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრისთვის სამზადისი ჯერ კიდევ არ დაუწყია.
ჩვენი ინფორმაციით, პრობლემის თავი და თავი აქაც ხაზინაა, მაგრამ საკითხავი კია, სხვა მუნიციპალიტეტებმა როგორ გაართვეს თავი ამ საბიუჯეტო განუკითხაობას. არადა, ბიუჯეტში თანხა დევს, ის სასტუმროც კარგა ხანია ცნობილია, სადაც გუნდი უნდა დაბანაკდეს, მაგრამ თანხის წინასწარ ჩარიცხვის გარეშე სასტუმრო "კოლხიდის" ადმინისტრაცია გუნდის მიღებაზე უარს აცხადებს.
საკითხის გასარკვევად კლუბის ახლადდანიშნულ აღმასრულებელ დირექტორს, ოთარ ჩხაიძეს შევეხმიანეთ, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ პრობლემა ხაზინის გამო იყო.
"სასტუმრო "კოლხიდამ" მომსახურების თანხის წინასწარ ჩარიცხვის გარეშე გუნდის მიღებაზე უარი გვითხრა. თანაც მუნიციპალიტეტს ამ თანხის გარდა გარკვეული ძველი დავალიანება აქვს. დღეს საღამოს თანხა "კოლხიდას" ჩაერიცხება და "გურია" მეორე დღეს უკვე დაიწყებს მზადებას", – განაცხადა ჩხაიძემ.
ჩვენ აღნიშნული საკითხი გამგეობის საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსთან, როლანდ ლაშხიასთან გადავამოწმეთ, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ყველანაირად ცდილობს თანხა გადარიცხოს.
"ჩვენ მცდელობას არ ვაკლებთ, მაგრამ გარკვეული პრობლემები არსებობს და დანამდვილებით ვერ გეტყვით ზუსტ პასუხს", – გვითხრა ლაშხიამ.
"გურია ნიუსი" გუნდის მთავარ მწვრთნელს თემურ ლორიასაც შეეხმიანა, რომელმაც სრული მზადყოფნა დააფიქსირა.
"გუნდი მზადაა ვარჯიშის გასანახლებლად. ჯერ საბოლოო დაკომპლექტებამდე საუბარი ნაადრევია, მაგრამ მზადების პროცესში ბევრი რამ ცხადი გახდება. მთავარია ვარჯიში დავიწყოთ, ისედაც დაგვიანდა და კიდევ შეფერხება უფრო გაართულებს საქმეს", – დასძინა ლორიამ.