საქართველო 2017 წელს ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატს უმასპინძლებს, ამასთან დაკავშირებით სფფ-ს პრეზიდენტმა უკვე გააკეთა პირველი კომენტარი :
ზვიად სიჭინავა: „მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს წარმატება. მადლობა უეფას, აღმაკომის წევრებს, რომ კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეს ნდობა. ჩვენი ორწლიანი მუშაობა დაფასდა და გუშინ საღამოს წარმატებითაც დასრულდა. ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტი იყო ინგლისი, რომელსაც დღესვე შეუძლია ჩაატაროს ნებისმიერი ჩემპიონატი და ამ ფონზე, უფრო დასაფასებელია უეფას ნდობა.
რა თქმა უნდა, გაჩნდა შეკითხვები და მინდა, დღეს ყველაფერზე გიპასუხოთ და ჩვენს გულშემატკივრებსაც განვუმარტო ბევრი რამ, რადგან იყვნენ გულდაწყვეტილებიც, რატომ არ ჩატარდება ვთქვათ ქუთაისში, ბათუმში და ა.შ.
უეფას მოთხოვნების თანახმად, ჩვენ გვჭირდება უმაღლესი დონის 4 სტადიონი – უეფას მეორე ან მესამე კატეგორიის, პლიუს ერთი სარეზერვო სტადიონი. ასევე, 8 სავარჯიშო მინდორი – ინდივიდუალურად ყველა მონაწილე გუნდისთვის. სასტუმროდან სათამაშო მოედნამდე უნდა იყოს მაქსიმუმ 1 საათის სავალი; ხოლო სავარჯიშო მოედნამდე – 15-30 წუთი.
რაც შეეხება სასტუმროებს, მოთხოვნების მიხედვით, ჩვენ გვჭირდება 132-ნომრიანი ორი სასტუმრო და ერთი 30-ნომრიანი, უეფასა და მსაჯებისთვის. ასეთ მაღალ მოთხოვნებს გვიკმაყოფილებს თბილისში არსებული ორი სასტუმრო – „ჰოლიდეი ინ“ და „რედისონი“.
ჩემპიონატამდე 20 თვით ადრე, ანუ 2015 წლის სექტემბერში შესამოწმებლად ჩამოვა უეფას კომისია და მათ ბევრი რამ მზადების პროცესში უნდა დავახვედროთ.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გვექნება ახალი, ძალიან მაღალი დონის სტადიონები, ყველანაირად მოწესრიგებული, მინიმუმ 3 ათას ადგილიანი და რა თქმა უნდა, ჩვენი 19-წლამდე ნაკრები ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპების გავლის გარეშე მოხვდება.
ხელოვნურსაფარიან მოედნებზე არც ვარჯიშები იქნება და მითუმეტეს, არც თამაშები. „მიხეილ მესხი“, „მიხეილ მესხი 2“, რუსთავი, გორი და მცხეთა იქნებიან ჩემპიონატის მასპინძელი სტადიონები. "მიხეილ მესხზე" ჩატარდება ფინალური მატჩი. ძალიან მალე დაიწყება რუსთავისა და მცხეთის სტადიონების საფუძვლიანი რეაბილიტაცია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved