ია მეტრეველს, სახალხო დამცველის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პროკურატურაში დაკითხავენ.
როგორც მეტრეველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის პატიმარი რომელზეც სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი საუბრობს, ერთი წლის წინ მასაც დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ მისი მკვლელობა ჰქონდა შეკვეთილი.
"ერთი წლის წინ დამიკავშირდა ეს ბიჭი და მითხრა, რომ ჩემი მკვლელობა ჰქონდა შეკვეთილი. თავიდან არ მივაქციე ყურადღება, რადგან პირადი ინტერესების გამო ბევრი ადამიანი რეკავს ჩემთან. შემდეგ როდესაც ინტენსიურად გააგრძელა რეკვა და მნიშვნელოვანი დეტალების მოყოლა, დავრწმუნდი რომ არ იტყუებოდა", _ განაცხადა მეტრეველმა.
პრესკონფერენციაზე ია მეტრეველმა ირაკლი ფირცხალავას შესახებაც ისაუბრა.
"ირაკლი ფირცხალავა არის ბრალდებული ჩემი შვილის საქმეში. ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ოპერაციაც მისი დაგეგმილია და გამოვხატავ გაოცებას, რომ ეს ადამიანი დღეს კიდევ გარეთ არის და გარდაცვლილ ბიჭებს ტელევიზიებით შეურაცხყოფას აყენებს. შემდეგ გადაიყვანეს სამმართველოში და მოუყვნენ როგორ უნდა მომხდარიყო ჩემი მკვლელობა. მაღაზიაში უნდა შემომყოლოდა, მოეწყო ვითომდა ყაჩაღობა, შემდეგ დაედო ჩემთვის შუბლზე იარაღი და მოვეკალი", _ აღნიშნა მეტრეველმა.
შეგახსენებთ, რომ სახალახო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გუშინ ფირცხალავა ია მეტრეველის მკვლელობის დაკვეთაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას ეს ინფორმაცია ახსნა-განმარტებით ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა მიაწოდა.