(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაში, ბავშვებისთვის, რომლებიც ინკლუზიურ სწავლებას საჭიროებენ, უკვე მზად არის სპეციალური ოთახი _ ადაპტირებული სასწავლო გარემო.
_ ჯერჯერობით, მხოლოდ ჩვენ გვაქვს ასეთი სპეციალური ოთახი, რომელშიც იმ მოსწავლეებს შევიყვანთ, რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით მუშაობას საჭიროებენ. ამ საქმეში “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი” დაგვეხმარა. 1 დეკემბრიდან ამოქმედდება ჩვენი სკოლა, _ უთხრა “გურია ნიუსს” სკოლის დირექტორმა, ტარიელ კალანდაძემ. მისივე თქმით, ახლა განათლების სამინისტროში უნდა წარადგინოს საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელშიც მითითებული იქნება სკოლაში სპეციალური მასწავლებლის, ფსიქოლოგის ან ინკლუზიური განათლების სპეციალისტის საჭიროების შესახებ: _ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სამივე სპეციალისტი გვყავდეს სკოლაში, მაგრამ ერთი პედაგოგი მაინც გვეყოლება. ამ ეტაპზე ასე მუშაობას შევძლებთ, _ თქვა კალანდაძემ.