ჩვენ მიერ მოპოვებული ხელშეკრულებების თანახმად, ამ ავტომანქანების ტექნიკურ გამართულობაზე მფლობელია პასუხისმგებელი, ხოლო საკრებულო და გამგეობა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო საწვავით უზრუნველყოფს.
ხელშეკრულებებს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით, ხელს ანტონ ხუნდაძე აწერს. ყველა ხელშეკრულებაში გარკვევით წერია, რომ იჯარით ის ავტომანქანაა აყვანილი, რომელიც კონკრეტულ, ხელშეკრულებაზე ხელმომწერ პირს პირად მფლობელობაში ჰყავს. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ხელშეკრულებაშია ასე, რადგან ჩვენი გადამოწმების შედეგად სულ სხვა რამ გაირკვა.
ხუნდაძეს ხელშეკრულება მის მოადგილესთან, მიხეილ უნგიაძესთან აქვს გაფორმებული. ამ ხელშეკრულებაში წერია, რომ მიხეილ უნგიაძე “იღებს ვალდებულებას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის გამოიყენოს თავის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა “ოპელ ასტრა” სახელმწიფო ნომრით შDშ 988″. რეალურად, ეს ავტომობილი, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელს, გიორგი ბოლქვაძეს ეკუთვნის. ბოლქვაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ხელშეკრულების შესახებ არაფერი იცის და აღნიშნული ავტომანქანა მის სახელზეც კი არ არის გაფორმებული.
მიხეილ უნგიაძე კი ამბობს, რომ მასა და ბოლქვაძეს შორის ზეპირი შეთანხმება არსებობს, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ ავტომობილს სამსახურებრივი საჭიროებისთვის იყენებს.
_ ბატონო მიხეილ, თქვენ საკუთარი ავტომობილი გყავთ?
_ არა.
_ ანტონ ხუნდაძესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გიწერიათ, რომ პირად მფლობელობაში არსებულ ავტომობილს სამსახურისთვის გამოიყენებთ. როგორც მოვიკვლიეთ, ეს ავტომობილი გიორგი ბოლქვაძეს ეკუთვნის, რომელიც ამბობს რომ თქვენსმიერ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ არაფერი იცის.
_ როგორ არ იცის არაფერი?!
_ ეს ოფიციალური კომენტარის დროს გვითხრა. თან, ჩვენ უშუალოდ გამგეობის ქონების მართვის სამსახურში გადავამოწმეთ და ამ ხელშეკრულებას თან არავითარი დოკუმენტაცია არ ახლავს…
_ მე და გოგის შორის შეთანხმებაა.
_ ზეპირი?
_ დიახ.
_ თუ ეს ასეა ბოლქვაძე რატომ უარობს?
_ არა მგონი, ეს გოგის ეთქვა…
_ ჩვენ ამის ჩანაწერი გვაქვს, შეგვიძლია მოგასმენინოთ… ასევე გეტყვით იმას, რომ ამ საუბრის დროს იქ ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც ბოლქვაძის ეს კომენტარი ძალიან კარგად გაიგეს.
_ არ ვიცი. მაგას არანაირად არ იუარებდა, რადგან ზედმიწევნით იცოდა ყველაფერი. გოგი მე მგონი სხვანაირად საუბრობს და მე არ ვიცი თქვენ რა ჩანაწერი გაქვთ. მთავარია, რომ ჩემსა და გოგის შორის ნამდვილად იყო ეს შეთანხმება. ხან გოგი მომყვება, ხან სხვას ვაჯენთ მანქანაზე. როცა დამჭირდება ვიყენებ, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას უნგიაძემ, რომლის საწვავის ლიმიტი თვეში 100 ლიტრია.
საკრებულოს მიწის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარესთან ზაზა სიხარულიძესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ ამ უკანასკნელს პირად მფლობელობაში ჰყავს ავტომანქანა “ნივა”, სახელმწიფო ნომრით მად-025. უნგიაძის მსგავსად არც ეს ავტომობილია სიხარულიძის კუთვნილება. როგორც მან გვითხრა, ავტომანქანა სიმამრს ეკუთვნის და თავადაც სარგებლობს.
_ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის ვიყენებ. უბრალოდ, სიმამრის სახელზეა.
_ ახლა ხომ ხართ სამსახურში, შეგიძლიათ ეს ავტომობილი გვანახოთ თუკი ნამდვილად თქვენ სარგებლობთ?
_ ახლა არ მყავს სამსახურში.
_ იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნული ავტომობილი საკუთრებად გიწერიათ, ნიშნავს თუ არა, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაში ტყუილი წერია, რაც შესაბამისად ქმნის იმის ფიქრის საფუძველს, რომ გამოყოფილ საწვავს არამიზნობრივად მოიხმართ?
_ ასე არ არის, _ გვითხრა სიხარულიძემ, რომელიც ყოველთვიურად 80 ლიტრ საწვავს იღებს.
ხელშეკრულების თანახმად, “პირად საკუთრებაში არსებული ავტომობილი”, არც კულტურის სამსახურის უფროსის, დოდო მამალაძის საკუთრებაში აღმოჩნდა, რომლის საწვავის თვიური ლიმიტი 50 ლიტრია. მამალაძის განმარტებით, ავტომობილი მის მეუღლეს ეკუთვნის და ის ოჯახის, შესაბამისად _ მისი საკუთრებაა. მისივე თქმით, ახლა, ავტომობილით სამსახურში იმიტომ არ დადის, რომ ავტომანქანა გაფუჭებულია.
საკრებულოს აპარატის უფროსს, მერაბ ხუნდაძეს “პირად მფლობელობაში “მერსედეს ბენცი C-220” სახელმწიფო ნომრით JOO 846 უწერია, რომელიც რეალურად, თურმე, მის ძმისშვილს ეკუთვნის. მერაბ ხუნდაძის საწვავის ლიმიტი თვეში მხოლოდ 30 ლიტრს შეადგენს.
შესყიდვების სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გოგიბერიძის განმარტებით (წორედ გოგიბერიძის ფუნქციებში შედიოდა ამ ხელშეკრულებების გაფორმება) ეს ხელშეკრულებები “პრობლემა არ არის და აქ დარღვევაც არაფერია”. თუმცა, ასე არ ფიქრობს ქონების მართვის სამსახურის უფროსი (ახლა, მსგავს ხელშეკრულებებს სწორედ დოლიძის სამსახური აფორმებს), მალხაზ დოლიძე, რომლის თქმით, ხელშეკრულებაში ჩაწერილი ფრაზა _ “პირად მფლობელობაში არსებული” შეცდომაა იმ დროს, როდესაც ხელშეკრულებაზე ხელმომწერ პირს ავტომობილი არ ეკუთვნის.
ჩვენ ვეცადეთ ამ თემაზე საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის კომენტარიც მოგვეპოვებინა, მაგრამ უშედეგოდ _ რამდენჯერმე მისვლის მიუხედავად სამსახურში ვერ ვიპოვეთ, ჩვენს სატელეფონო ზარებს კი არ უპასუხა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლელა იმედაშვილი ამბობს, რომ ამ ხელშეკრულებებზე საუბარი იმ მიზეზით არ შეუძლია, რომ როდესაც ისინი გაფორმდა, თავად გამგებელი არ იყო. იმედაშვილის განმარტებით, გამგეობას იჯარით აყვანილი ამდენი ავტომობილი არ სჭირდება და მომავალი წლიდან ეს ციფრი საგრძნობლად შემცირდება.
აღსანიშნავია, რომ გამგეობას და საკრებულოს ამ 23, იჯარით აყვანილი ავტომობილის გარდა, საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებიც მრავლად აქვს.
2010 წელს, გამგეობისთვის, სამსახურეობრივი ავტომობილი “მიცუბიში პაჯერო” სანომრე ნიშნით ფსბ 999, 22 500 ლარად შეიძინეს. ამავე წელს, საკრებულოსთვის ავტომობილი “ჰონდა”, გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტისგან, კახი მეფარიშვილისგან 11 200 ლარად იყიდეს.
გამგეობის ბალანსზეა ავტომანქანები: “მერსედესი” და “ოპელი”, რომლებიც, როგორც გვითხრეს, კარგა ხანია ამორტიზირებულია.
პრეზიდენტის მიერ “ქამარმოჭერილ” საჯარო მოხელეებს, მწირი ბიუჯეტის და კიდევ უფრო მწირი სოციალური პროგრამების ფონზე, მიმდინარე წელს საკუთარი თანამშრომლებისთვის საკმაოდ ბევრი და ძვირადღირებული ტელეფონები აქვს შეძენილი.
წელს ტელეფონი უყიდეს გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსს დოდო მამალაძეს; გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის უფროსს დავით ჯინჭარაძეს და ამავე სამსახურის სპეციალისტს ლუდმილა მეგრელიშვილს; შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელს ვლადიმერ გოგიბერიძეს და ამავე სამსახურის სპეციალისტს ვასილ ბერუჩაშვილს; ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ლევან ჩხიკვაძეს; გამგებლის მოადგილეს დიმიტრი კორიფაძეს; ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტს კახი მეფარიშვილს; გამგეობის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელს ზურაბ ჩანტლაძეს, ამავე სამსახურის სპეციალისტს შორენა კაჭარავას; გამგეობის ბუღალტერს ზურაბ შათირიშვილს; საკრებულოს საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს შალვა ჩანტლაძეს და საკრებულოს აპარატის უფროსს მერაბ ხუნდაძეს.
ამ ადამიანებისთვის შეძენილი ტელეფონების ფასი 300 ლარიდან 800 ლარამდე მერყეობს. გამონაკლისი მხოლოდ ლუდმილა მეგრელიშვილია, რომელსაც გამგეობამ 160-ლარიანი ტელეფონი უყიდა.
აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის გამგებლის მოადგილეს, გია გიორგაძეს გამგებლობის პერიოდში 990 ლარიანი ტელეფონი აქვს შენაძენი.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, გამგეობის მიერ გახორციელებული შესყიდვები იმდენად მსუყეა, რომ მის დაკონკრეტებას გაზეთის ამ ნომრის გვერდები არ ეყოფა; ამიტომაც, გაჭირვებული ქვეყნის მოსახლეობის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხების ხარჯვის შესახებ ჩვენი გაზეთის მომდევნო ნომრებშიც გესაუბრებით. მანამდე კი, აღვნიშნავთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაყიდი ტელეფონების და ფოტოაპარატების უმეტესობა აღარ მუშაობს! გასულ წელს გამგეობამ 684 დასახელების ქონება, რომლის ღირებულება 15 766, 72 ლარი იყო ჩამოწერა და უვარგისად გამოაცხადა საკუთარი თანამშრომლებით დაკომპლექტებული კომისიის მიერ! არადა, ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ჩამოწერილი ქონების უმრავლესობა ჩამოწერამდე ერთი წლით, ან სულაც რამდენიმე თვით ადრე იყო შეძენილი.
უნდა ითქვას იცის, რომ ჩვენს მიერ ოფიციალურად მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, ბევრ შემთხვევაში, ტელეფონებს ერთი და იგივე ადამიანებისთვის ყიდულობდნენ. განსხვავება მხოლოდ ერთ წელიწადშია.
_ თუ საჯარო მოხელეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის სჭირდება ავტომანქანა, მას უნდა ემსახურებოდეს იგი. თუ ორგანიზაციას არ გააჩნია საკმარისი ავტომანქანები, მაშინ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს საკუთარი ავტომანქანის გამოყენების თაობაზე. თქვენი მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ხელშეკრულებების ნაწილი გაფორმებულია ისეთ პირებზე, რომლებსაც პირად საკუთრებაში არ აქვთ რეგისტრირებული ავტომანქანა. ე.ი. მანქანა ეკუთვნის მესამე პირს. ამ შემთხვევაში, ავტომანქანის კანონიერი მესაკუთრის (ზემოთხსენებული მესამე პირის) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი თანხმობა თან უნდა ერთვოდეს ხელშეკრულებას. ხსენებულ თანხმობაში საჭიროა აღნიშნოს, რომ იგი ნებას რთავს პირს, ისარგებლოს მისი კუთვნილი ავტომანქანით. ამ თანხმობის არარასებობის შემთხვევაში, ხელშეკრულება ითვლება ბათილად და არ აქვს იურიდიული ძალა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის თავმჯდომარემ, თამაზ ტრაპაიძემ.
მისივე განმარტებით ტელეფონების შეძენაც დასაბუთებული უნდა იყოს:
_ თანამშრომლებისთვის ტელეფონების თუ სხვა აპარატურის შეძენა, მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ იგი დასაბუთებულია და გამომდინარეობს სამახურებრივი საჭიროებიდან. გადასახდელი თანხის განისაზღვრისას კი, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ბიუჯეტის შესაძლებლობა ანუ რამდენად იძლევა ამის საშუალებას ბიუჯეტი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩოხატაურის ბიუჯეტი არც იმდენად დიდია, რომ მან შეძლოს სოციალური თუ კანონით გათვალისწინებული საკუთარ უფლებამოსილებით (მაგ. დასაქმების ხელშეწყობა და სხვა.) განსაზღვრული საკითხების ისე მოგვარება, რომ გამგეობისა და საკრებულოს წევრებისთვის ასე ძვირადღირებული საქონლის შეძენის ფუფუნება გააჩნდეს, _ გვითხრა იურისტმა.
_ ბატონო თამაზ, ჩამოწერილ ნივთებზე რას გვეტყვით? რამდენად გამართლებულია ერთ წელიწადში ტელეფონების ჩამოწერა?
_ რაც შეეხება ორგანიზაციის ბალანსზე არსებული საქონლის ჩამოწერას, ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს შესაბამისი სადეფექტო აქტი, საიდანაც ვგებულობთ, თუ რატომ უნდა ჩამოიწეროს ესა თუ ის მატერიალური ქონება. თქვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი შეიძლება ითქვას, რომ მართლაც საეჭვოა, ასე მალე _ ერთ წელიწადში უვარგისი გახდეს ერთბაშად ამდენი სახის ტექნიკა!