დევნილთა და განსახლების სამინისტროში 500-მდე უკრაინის მოქალაქის განცხადებაა შესული, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოსგან თავშესაფარს ითხოვენ.
ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ინფორმაცია მთავრობის წევრებს მიაწოდა.
"ერთადერთი სამინისტრო ვართ ჩვენ, სადაც ხდება ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ პერმანენტულად გვაკითხავენ თავშესაფრის მოთხოვნით, დაახლოებით 500-მდე განაცხადია შემოსული. მინისტრმა სოზარ სუბარმა ეს ინფორმაცია მიაწოდა პრემიერ-მინისტრს. სამინისტროს სურვილი აქვს, რომ საბუთების შესწავლის შემდეგ, მათთვის დაჩქარებული წესით მოხდეს სტატუსის მინიჭება. რა თქმა უნდა, ბრმად – არა. დეტალურად შეისწავლიან თითოეულ ოჯახს", _აცხადებენ სამინისტროში.
მთავრობის სხდომის შემდეგ მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეებს სტატუსს დაჩქარებული წესით მისცემენ.
საქართველოს რომელ რეგიონებში გადანაწილდებიან უკრაინელი ლტოლვილები, ამის შესახებ დევნილთა სამინისტრო ინფორმაციას არ ასაჯაროვებს, ხოლო სტატუსი ჯერჯერობით არცერთი უკრაინელისთვის არ მიუნიჭებიათ.