ლანჩხუთის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ბოლო სხდომა, სადაც თანამდებობაზე დასანიშნი კადრები საბოლოოდ უნდა შეარჩიონ, პროტესტის ნიშნად, კომისიის წევრმა, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ რომან ბიწაძემ დატოვა.
მისი თქმით, სხდომაში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს, რადგან მაინც იმ ადამიანებს ნიშნავენ, რომლებიც "ნაციონალების“ დროს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს დასდევდა, ფოტოებს უღებდა და "ნაციონალების“ გასამარჯვებლად ყველაფერს აკთებდა.
ბიწაძის პროტესტზე კომენტარი გააკეთა კომისიის თავმჯდომარემ, ლანჩხუთის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.
"ეს კომისია მე არ შემიქმნია. იმიტომაა კომისია, რომ ხმის მიცემით ავირჩიოთ კადრები. თუ ვინმე არ მოგწონთ, ნუ აწევთ ხელს. ყველაფერი მარტივია“, _ აღნიშნა ურუშაძემ.