ბოლო ათწლეული გერმანიის ომის შემდგომ ისტორიაში ყველაზე მძიმე ეკონომიკური ვარდნის პერიოდად იქცა. ამ ათწლეულს თამამად შეიძლება, ეწოდოს „შავი ათწლეული“ გერმანიისთვის.
ბიზნეს-ინფორმაციის სააგენტო „კრედიტრეფორმის“ ცნობით, ამ პერიოდში ქვეყანაში 340 ათასზე მეტი კომპანია გაკოტრდა.
ყველაზე ხმაურიანი 2010 წელს ცნობილი სავაჭრო კონცერნის, „არკანდორის“ გაკოტრება აღმოჩნდა, რომლის შემადგენლობაშიც „კარშტატის“ უნივერმაღები და სხვა ცნობილი ქსელები შედიოდა. ამ გაკოტრების შედეგად 52 ათასამდე ადამიანი უმუშევარი დარჩა.
მანამდე ყველაზე მასშტაბურად 2007 წელს სამშენებლო კომპანია „ფილიპ ჰოლცმანის“ გაკოტრება მიიჩნეოდა, როდესაც 22 ათასი თანამშრომელი დარჩა უსამსახუროდ.
„შავი ათწლეულის“ გაკოტრებათა სიაში მესამე ადგილზე კონცერნი „ბაბკოკ ბორზიგი“ გავიდა – 2006 წელს მისი 21 ათასი მოსამსახურე უმუშევარი დარჩა.
მეოთხე-მეხუთე ადგილები ამ სიაში ავეჯის მწარმოებელმა კომპანია „შიდერმა“ და საფოსტო კონცერნმა „პინ გრუპმა“ დაიკავეს, რომლებიც შესაბამისად, 2007 და 2011 წელს გაკოტრდნენ.
2004 წლიდან გერმანიაში ბევრი ცნობილი მარკა და ბრენდი გაკოტრდა. ისინი ქვეყნის ეკონომიკურ ლანდშაფტს ქმნიდნენ – ლეო კირხის მედიაიმპერია (2005 წელი), ვინერ ვალდის რესტორნების ქსელი (2004 წელი), საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის მწარმოებელი „გრუნდიგი“ (2005 წელი), ფეხსაცმლის მწარმოებელი ლეგენდარული კომპანია „სალამანდერი“ (2004 წელი), მოდის სახლი „ესკადა“ (2009 წელი).
გერმანიაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში კომპანიების რეკორდული რაოდენობით გაკოტრების გამო 5 მილიონზე მეტი ადამიანი დარჩა უმუშევარი.