ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ჩანაწერი გავიდა. ინტერვიუს გასვლის შემდეგ საზოგადოების აზრი ორად გაიყო.
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ოზურგეთელების ერთი ნაწილი აფასებს.
ჰამლეტ გოგუაძე: 67 წლის კაცი ვარ და ერთს ვიტყვი, ჩვენს ხალხს აუცილებლად სჭირდება ლიდერი და კონტროლს საჭიროებს. ბიძინა ივანიშვილმა, რაზეც ისაუბრა ზოგი შეიძლება სწორი იყო და ზოგი კიდევ არასწორი.
გიორგი ღლონტი: მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი აზრის ვარ, კარგი ინტერვიუ იყო. როგორც გავიგე მოხდება ფილმის გადაღება. ამის შესახებ გოგა ხაინდრავამაც ისაუბრა და იქნება მხატვრული ფილმი.
ხდება ასეთი რამ, მხოლოდ ჩვენთან ხომ არ აქვს მსგავს ფაქტს ადგილი. ჩემის აზრით ამ ფილმში იქნება საუბარი მიხეილ სააკაშვილი მმართველობაზე, არ არის გამორიცხული ედუარდ შევარდნაძის ამბებიც იყო და რაც მთავარი აქ იქნება ახალი მთავრობის შესახებაც გადაღებები. რა გააკეთა ამ მთავრობამ კარგი და ცუდი.
ზურაბ ბურჭულაძე: ბევრ რაღაცეებში ეჭვი მეპარება. ბიძინა ივანიშვილი ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ არ ვიცი ამას აკეთებს მის სასიკეთოდ თუ რა ხდება, ამდენი მე არ ვიცი. ერთი რამ მინდა გითხრათ, ქვეყანა ასე არ იმართება. პენსიონერი კაცი ვარ და ხომ მინდა ცხოვრება. კარგად მიდის ყველაფერი? არა მგონია. ხალხს სჭირდება დახმარება და ყურადღების მოქცევა. რვა შვილიშვილი მყავს და მხოლოდ ჩემი პენსიის იმედზე ხომ არ უნდა იყვნენ?!
ნინო გაბეჩავა: თქვენ წარმოიდგინეთ არ მიყურებია. ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ შვილიშვილი შემეძინა და ვერ ვნახე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გამო.
ვახტანგ ჩხარტიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს უფრო მეტად მისი გადმოსახედიდან. უფრო სწორედ, ბიზნესის თვალით. უბრალო ადამიანისთვის არ არის მისაღები, ჩვენ უფრო სხვა პრობლემები მაქვს. ივანიშვილი ამბობს, რომ კონსულტანტი უნდა დაიქირავოო ადამიანმა, რადგან სესხი დოლარში უნდა აიღოს თუ ლარში. გასაგებია, მაგრამ იმ კონსულტანტსაც დაქირავება ხომ უნდა და ეს ჩვენგან შორს არის. ბევრ რაღაცეებში ვეთანხმები და ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმები.
მარეხი ანდღულაძე: სიმართლე გითხრათ არ მიყურებია. სერიალს ველოდებოდი და ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომ დაიწყო, სხვა არხზე გადავრთე.
მზია არობელიძე: საერთოდ არ ვუყურებ ტელევიზორს. ყოველთვის ერთი და იგივე ხალხი გამოდის და დავიღალე.