ოზურგეთის ძველი აგრარული ბაზრის წინ მდგარი გარემოვაჭრეების საკითხი ჯერ ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი. თუ ადრე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ასობით გარეთ მოვაჭრეებს ნახავდით, ახლა ეს რიცხვი უკვე შემცირდა.
"ჯერჯერობით არ ვიცით რა იქნება. ამ თემაზე ხშირად იწერება გაზეთებში. ახალი წლის დღეებში დაიწყო გარემოვაჭრეების ბაზრის ტერიტორიიდან გაყვანა, მაგრამ სანამ გაგრძელდება ეს პროცესი არ ვიცით," – გვითხრა რამდენიმე გარემოვაჭრემ, რომელიც ძველი ბაზრის ერთ-ერთ შესასვლელთან ვაჭრობს.
შოთა შაქარიშვილი ერთ დროს ძველი ბაზრის ტერიტორიაზე მწვანილს ყიდდა, შემდეგ კი ბაზრის გარეთა მხარეს გამოვიდა.
"ყოველთვის პრობლემები მქონდა ადგილთან დაკავშირებით და ახლაც ასეთ დღეში ვარ. ახლა უადგილოდ ვარ და აუცილებლად უნდა მივმართო ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის. არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ ადგილის გარეშე ვერ დავრჩები, წლებია მწვანილს ვყიდი და ეს არის ჩემი შემოსავალი", – თქვა ჩვენთან საუბრის დროს შოთა შაქარიშვილმა.
ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში გარემოვაჭრეებთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებენ: "გარემოვაჭრეების ძირითად ნაწილს შეადგენდნენ ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი მაღაზიებიდან გამოჰქონდათ პროდუქტი და მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰყიდნენ მაღაზიის საქონელს. მაღაზიის მეპატრონეებმა გაითვალისწინეს გაფრთხილება და გარევაჭრობა შეწყვიტეს. ხოლო დანარჩენი გარემოვაჭრეები გადანაწილდნენ ბაზარსა და ე.წ. ოქროულობის მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე."