თუ გაქვთ ინფორმაცია სხვა პირთა შესახებ, ან ჩამოთვლილთა შორის თქვენი ახლობლებიც არიან და საქმის დეტალებზე შეგიძლიათ ინფორმაციის მოწოდება, მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტზე: guria@gurianews.com.
გირგვლიანი, რობაქიძე, ვაზაგაშვილი, გამცემლიძე… _ ეს გვარები წლების განმავლობაში ესმის საზოგადოებას და მათი გარდაცვალება სასტიკ მკვლელობასთან, უსამართლობასთან, დაუსჯელობასთან არის გაიგივებული. სიმართლის დასადგენად ამ ბიჭების მშობლები წლებია იბრძვიან და ბრძოლას ეწირებიან კიდეც.
იზეიმებს თუ არა სამართალი იმ ადამიანებისთვის, რომელებსაც შვილები დაუხოცეს და რომლის შესახებაც წლებია საუბრობენ ადვოკატები.
მკითხველს ვთავაზობთ იმ პირთა არასრულ სიას, რომელიც აღნუსხავს 2004 წლიდან 2009 წლის ჩათვლით სპეცოპერაციებისა და “გატარებული ღონისძიებების“ დროს გარდაცვლილებს. აღნიშნული სია ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სტრასბურგის სასამართლოსაც წარუდგინა.
აქვე მკითხველს ვთხოვთ: თუ გაქვთ ინფორმაცია სხვა პირთა შესახებ, ან ჩამოთვლილთა შორის თქვენი ახლობლებიც არიან და საქმის დეტალებზე შეგიძლიათ ინფორმაციის მოწოდება, მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტზე: guria@gurianews.com.
2004 წელი
ოთარ გველუკაშვილი – 20 იანვარს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს; ანტონ კუკულავა – 9 მარტს დაკავებისას მოკლეს; დიკო ბარქაია და ზაზა ფანცქელაძე – ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, 17 მარტს მოკლეს; ევგენი და ომეხ აფრასიძეები – 24 მარტს მესტიის რაიონს სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს; 23 მაისს, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, პოლიციელების მიერ დაკავების შემდეგ, სახლში მიყვანიდან ნახევარ საათში ხვიჩა კვირიკაშვილი გარდაიცვალა; ალექსანდრე გომაშვილი – 22 ივლისს კახეთში, დაკავებისას მოკლეს; მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია, ოფიციალური ვერსიით, უშიშროების სამინისტროს თანამშრომლის ენრიკო სიმონიანის მიერ, მის ოჯახზე თავდასხმისას, 23 ნოემბერს მოკლეს; სულხან ლომიძე – 21 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს.
2005 წელი
ვლადიმერ ხოშტარია – 21 თებერვალს დაკავებისას მოკლეს; აკაკი კორკოტაშვილი – გურჯაანის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას 19 მარტს მოკლეს; ავთო და ვახო გუმაშვილები – ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, 3 ივლისს, სპეცოპერაციისას მოკლეს; ვახტანგ მარგოშვილი – 20 ივნისს, ქვემო ქართლში, ოფიციალური ვერსიით, საზღვრის უკანონო გადაკვეთისას მოკლეს; ალექსანდრე თაბაგარი – 24 სექტემბერს, ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ჩოჩხათში მოკლეს; ხვიჩა მელაძე, გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე – თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, 31 ოქტომბერს მოკლეს; ლევან გულუა – 11 ნოემბერს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე, დაკავებისას მოკლეს; რეზო სარჯველაძე – თბილისში, დაკავებისას მოკლეს 14 დეკემბერს; ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა – აბაშის რაიონში, სოფელ მარანში დაკავებისას, 29 აგვისტოს მოკლეს; თამაზ კურკუმული – თბილისში, მუხიანის დასახლებაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, 12 ოქტომბერს მოკლეს.
2006 წელი
რევაზ ცალანი – 20 ივნისს მესტიის რაიონში სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ლოგინს მიეჯაჭვა; მურად გორგაძე, რომან სურმანიძე და მარად ართმელაძე – მეტროსადგურ „სამგორთან“ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს 12 იანვარს; გია თელია – 13 თებერვალს სპეცოპერაციისას მოკლეს; ჯემალ ჩაფიძე – თერჯოლის რაიონში, სოფელ ქვედა სიმონეთში, 28 აპრილს პოლიციამ დაკავებისას მოკლა; ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი – 23 თებერვალს ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში, სპეცოპერაციის დროს მოკლეს; მიხეილ ბერძენიშვილი – საგარეჯოში 2006 წლის 9 ივნისს, დაკავებისას მოკლეს; გელა ცინდელიანი – სოფელ ჭუბერში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 1 ივლისს მოკლეს; ხვიჩა კოკაია – ხობის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას 23 აგვისტოს მოკლეს; ვალერი ფხაკაძე 2006 წლის 7 დეკემბერს, ქუთაისში, დაკავებისას მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, რადგან პოლიციელებმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში დახმარება არ აღმოუჩინეს.
2007 წელი
მიხეილ კირაკოსიანი – ახალციხეში 2 აპრილს, მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, საპატრულოს თანამშრომელმა მოკლა; გიგა ჭარბაძე – 25 მარტს თელავში მანქანა დაეჯახა, რომელსაც პატრულ-ინსპექტორი მართავდა; ალექსანდრე ხოსიტაშვილი – 14 აპრილს სოფელ დიღომში პოლიციელების ცემის შემდეგ გარდაიცვალა; ოლეგ მესხიძე – ოზურგეთში 9 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს;
2008 წელი
თენგიზ გოგია – 1-ელ თებერვალს ჩატარებული სპეცოპერაციისას, სენაკში, საკუთარ სახლში ჩაცხრილეს; როლანდ მახარაძე – ბათუმში მძევლების განთავისუფლებისას, 5 მარტს მოკლეს; გიორგი გამცემლიძე – მეტროსადგურ “რუსთაველთან” 8 მაისს, პატრულ-ინსპექტორმა მოკლა; როინ შავაძე – 16 აგვისტოს, აჭარაში წამებით მოკლეს (ოფიციალური ვერსიით, გაქცევის მცდელობისას);
2009 წელი
გია კრიალაშვილი – 20 მაისს თიანეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს; ჯიმი მეგრელიძე – ზუგდიდში, 9 მაისს დაკავებისას მოკლეს; მამუკა ჩარჩხალია – 15 ივნისს, ნუცუბიძის პლატოს მესამე მიკრორაიონის ასახვევთან მოკლეს;
ალბათ ჩამოთვლილი გვარების უმრავლესობა არ გეცნობათ, მაგრამ მათი საქმეები ბევრიs მთქმელია. მათ შესახებ ადვოკატები ყვებოდნენ, თუმცა, არც წინა ხელისუფლების დროს და არც ახლა არაფერი გამოძიებულა.
ოჯახები სიმართლის დადგენას წლებია ელოდებიან. მათ შორისაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნოდარ მესხიძე, რომელის 26 წლის შვილი, ოლეგი, სამართალდამცველებმა საკუთარი სახლის წინ, მისი, ბიძაშვილებისა და მეზობლების თვალწინ მოკლეს, რომლის შესახებაც „გურია ნიუსი“ მალე გიამბობთ.