იანვრის ბოლოდან თებერვლის ბოლომდე იმ ბოსტნეული კულტურების ადრიანი თესვის პერიოდია, რომლებსაც სიცივე დიდად ვერაფერს ვნებს და შესაძლებელია ღია გრუნტში მათი მოთავსება.
კარგად დამუშავებული მიწა დავკვალოთ და თანმიმდევრულად დავთესოთ თვის ბოლოკი, ხახვი (სოხვი), სტაფილო, ნიახური, ოხრახუში, პრასი, ცერცვი. ეს ბოსტნეული, ძირითადად, შემოდგომაზე ითესება და ადრე გაზაფხულზე უკვე მომძლავრებული, უცებ გადაიფურჩქნება ხოლმე, თუმცა, ბევრს ავიწყდება ან ეზარება და საგაზაფხულოდ გადადებს ხოლმე ამ საქმეს.
ასევე, ადრე უნდა დავთესოთ კარტოფილი და გოგრა. კარტოფილს თესავენ მარტში და ეს არავის ესწავლება, მაგრამ არსებობს ერთი თავისებურება: ადრე დათესილ კარტოფილს თითქმის იშვიათად უჩნდება კოლორადოს ხოჭო. სამაგიეროდ, ფიქრობენ, რომ თებერვალში დათესილს, შესაძლოა, ყინვამ მოუსწროს და მიწისზედა მწვანე მასა გაყინოს.
გამოცდილება ცხადყოფს, რომ დასავლეთი საქართველოში ყინვები ძირითადად იცის მარტის შუა რიცხვებიდან. ის ზოგჯერ აპრილის დასაწყისში უფრო მძლავრობს ხოლმე. ამიტომ, თუ საშიშროება დაემუქრება კარტოფილის ნათესს, მარტში დათესვაც ნაკლებად დააზღვევს მას ამ საფრთხისგან. ამიტომ ნუ შევშინდებით, რადგან ამინდის გაუარესებაზე უფრო გარდაუვალი საფრთხე ასე შემოჩვეული კოლორადოს ხოჭოა. თვალი მივადევნოთ ამინდის პროგნოზს, მთვარის კალენდარს და გამრჯე და ყურადღებიანი მეურნე აუცილებლად აჯობებს ამინდის ჭირვეულობას.
თებერვალში უნდა დავთესოთ ასე პოპულარული თეთრი გოგრა, რომლის თესლი საუკეთესო ჯიშისა უნდა იყოს. ნათესი დავხუროთ ცელოფნით და მისი კვალსათბური მზისკენ მიმართული უნდა იყოს.
მიწა ძირითადად სხვადასხვა ნამწვისგან მომზადებული სჭირდება, რომელშიც უნდა შეზავდეს გადამწვარი ნაკელი. თუ მშრალი ამინდები დადგება, გოგრის ნათესები ნასესხების გასვლამდე პერიოდულად უნდა მოვრწყოთ დღისით. მზიან ამინდში, გადავაძროთ ცელოფანი. გოგრა ამ პერიოდში ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, თუ გვინდა, რომ შემოდგომაზე დროულად მოესწროს მისი მწიფობა.
ხშირად არის შემთხვევა, როცა სხვადასხვა დროს (ადრე და მოგვიანებით) დათესილი, ერთი და იგივე თესლისგან ამოსული გოგრა, საშემოდგომოდ სხვადასხვა ხარისხის ნაყოფს იკეთებს.
კარგი ჯიშის გოგრის შიგთავსს ხშირად მოხარშული კვერცხის გულს ადარებენ და ამის მიხედვით არჩევენ მის ავკარგიანობას.