ქალაქ ოზურგეთში, ე.წ. "ზვანის" უბანში, კიტა მეგრელაძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი ორი საცხოვრებელი კორპუსი ისეა ჩამოშლილი, რომ ადგილობრივების თქმით, აქ ცხოვრება შეუძლებელია. სახურავგადამძვრალ, უკანალიზაციო, ჭაობიან, ანტისანიტარიულ გარემოში მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. როგორც ისინი ამბობენ, მათ არაერთხელ მიმართეს ქალაქ ოზურგეთის მერიას განცხადებით, თუმცა, უშედეგოდ.
სოფიკო გონციანი: "ნახეთ, რა მდგომარეობაა ეზოში! არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ხედავთ, ბინების წინა ფასადი რა დღეშია. შიგნითაც ისე წვიმს, როგორც გარეთ. რამდენი წელია, გვპირდებიან, გაგიკეთებთო და გეკადრება?! ყველა არჩევნებზე გვატყუებენ. რამდენი ხანია, ბინებს სახურავი გადააძრო ქარმა. წყალი ჩამოდის ოთახებში, დაწერილი გვაქვს განცხადება ორი წელია და არავინ გვაქცევს ყურადღებას!"
დალი დოლიძე: "სამჯერ დავწერე განცხადება ქალაქის მერიაში და არანაირი პასუხი არ მიგვიღია. როგორ შეიძლება ასე ცხოვრება?! შევიკრიბებით ყველა ერთ დღეს და წამოვალთ გამგეობაში, შევახსენებთ ჩვენს არსებობას ხელისუფლებას და ნახონ მერე, თუ არ მოგვაქცევენ ყურადღებას!"
ავთანდილ კვაჭანტირაძე: " საშინელ მდგომარეობაში ვცხოვრობთ. ბავშვებს ვერ გამოუშვებ სათამაშოდ _ სულ ტალახია ეზოში. არც გაზი გვაქვს, არც წყალი, არც გზა. ქალაქის მერს ხმის მიცემა რომ სჭირდებოდა, მაშინ ასჯერ მოვიდა ამ უბანში, ახლა ამბავიც არ უკითხავს _ დაგვპირდა სიორიძე გაგიკეთებთო და საერთოდ აღარ მოგვაქცია ყურადღება მერე".
მარუსია კერჯონიანი: "70 წლის ვარ, წყალი ჩამომდის სახლში. ცოდვა არ ვარ? სოციალური დახმარება მომიხსნეს. მარტოხელა ვარ, პენსიაზე დამოკიდებული, ავადმყოფი, ესაა ცხოვრებაა?! 50 წელი ვიმუშავე, მოწინავე მშრომელი ვიყავი, თბილისში ჩავალ და იქ მთვარობას ვეტყვი ჩემი გაჭირვების შესახებ!"
ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის კომენტარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასეთია: "ამ კორპუსის მცხოვრებლების პრობლემის შესახებ ინფორმაციას ვფლობთ. მიმდინარე წლის ბიუჯეტში აღნიშნული მიმართულება პრიორიტეტია. თუმცა, ამ ეტაპზე პრობლემის მოგვარების კრიტერიუმი მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციაა. განცხადების ავტორების მოთხოვნაც ეტაპობრივად აუცილებლად შესრულდება”.