საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთის რეგიონში ნებისმიერი ოფისის გახსნა ქართულ მხარესთან იქნება შეთანხმებული.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და მისი კონტექსტი, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდება, უზუსტობებს მოიცავს.
"ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აქედან გამომდინარე, აფხაზეთის რეგიონში ნებისმიერი ოფისის გახსნა შეთანხმებული იქნება ქართულ მხარესთან, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. რაც შეეხება კონკრეტული პროექტების განხორციელებას, აღნიშნული უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და მათი ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას", – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი სოხუმში ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის ოფისის გახსნის შესაძლებლობით დაინტერესდა. როგორც "აპსნიპრესი" იუწყება, ამის შესახებ საუბარი ჰერბერტ ზალბერისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვედრისას შედგა.