ზურაბ ვაზაგაშვილმა 2002 წელს შვილი მომიკლა, ამის შესახებ რუსთავი 2"- ზე გადაცემა "არჩევანში" გარდაცვლილი გიორგი გაბუნიას მამამ, ლევან გაბუნიამ განაცხადა.
ლევან გაბუნია ამტკიცებს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილმა მოკლა ბექა პაპუაშვილი და როგორც თვითმხილველი, მოიშორა მისი შვილი, გიორგი გაბუნიაც.
მისივე თქმით, იური ვაზაგაშვილმა მაშინ შვილის ციხიდან დახსნისთვის ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს 70 ათასი დოლარი გადაუხადა.
გაბუნია ასევე ამბობს, რომ ვაზაგაშვილის გათავისუფლებაში დიდი როლი ელენე თევდორაძის დახასიათებამ ითამაშა. მისივე მტკიცებით, თევდორაძემ თანხის ნაწილი თავადაც აიღო.
"ჩემი სათქმელი არის ერთადერთი – ბექა პაპუაშვილი იყო 21 წლის, ჩემი შვილი იყო 21 წლის, როდესაც ისინი მოკლეს. ჩვენი შვილები რას შეეწირა?! რეზონანსულ საქმეებად ჩვენი მთავრობა ამას არ თვლის, რადგან ეს იყო კრიმინალების მიერ მოკლული ადამიანები და ისინი, რომლებიც კრიმინალები იყვნენ და სპეცოპერაციას შეეწირნენ, არიან გმირები?!" _ აცხადებს გაბუნია.