მილიონ სამასი ათასი თურქული ლირა, რომელიც დაახლოებით ერთ მილიონ ლარს უდრის. ასეთია ის თანხა, რომელიც ოთხი ქართველისაგან შემდგარმა ჯგუფმა თურქეთის ქალაქ სტამბულში სამი თვის განმავლობაში ოთხი სხვადასხვა მოქალაქის ძარცვით დააგროვეს.
ოთხივე ქართველს თურქი სამართალდამცველები უკვე ეძებდნენ და ისინი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს.
თურქული მედიის ცნობით, ისინი თავიან მსხვეპრლს ბანკებთან უთვალთვალებდნენ, შემდეგ კი დევნას ახორციელებდნენ და ძარცვავდნენ. პირველი დანაშაული ნოემბერში მოხდა, როცა ბანკიდან გამოსულ კლიენტს დევნა დაუწყეს, ავტომობილზე საბურავები დაუხეთქეს და დაახლოებით 650 ათასი თურქული ლირა წაართვეს.
გამოცემა www.sabah.com.tr-ის ცნობით, ბოლო ძარცვა 5 იანვარს მოხდა და მათი მსხვერპლი ასევე ბანკიდან გამოსული მამაკაცი იყო, რომელსაც 300 ათასი ლირა წაართვეს.
დაჯგუფების წევრებს პოლიცია დაახლოებით სამი თვეა ეძებდა და მათ დასაკავებლად ოპერაციას გეგმავდა. ამ დროისათვის დაკავებული საქართველოს მოქალაქეები წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებიან. მათ ვინაობას თურქული მედია სრულად არ აცხადებს, თუმცა, მიუთითებს, რომ 29 დან 34 წლის მამაკაცები არიან.