ტროტუარებზე პარკირების აკრძალვა ძირითადად, ვაკე-საბურთალოს რაიონს შეეხება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის მერიაში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ჯაჭვლიანმა განუცხადა.
პაატა ჯაჭვლიანის თქმით, მოსახლეობიდან მერიაში ხშირად შედიოდა საჩივრები იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეები ტროტუარით ვერ სარგებლობდნენ. მისივე თქმით, მოქალაქეები ჩიოდნენ, რომ ქუჩები ჩახერგილი იყო მანქანებით და ქვეითად მოსიარულეებს არ ჰქონდათ თავისუფალად გადაადგილების შესაძლებლობა.
პაატა ჯაჭვლიანმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გაიცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც 210 ადგილზე პარკინგი აიკრძალება.
"ჩვენ გვესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს მოუტანს ავტომანქანის მფლობელებს, რომლებიც აჩერებდნენ მანქანებს იმ ადგილებზე, სადაც ადრე პარკინგის ნიშანი იყო. თბილისის მერიის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, აღნიშნულ ადგილებზე მონიშვნები წაიშლება და მძღოლები იქ ავტომანქანებს ვეღარ გააჩერებენ. მაგრამ როგორც მერმა დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, აქტიურ ფაზაშია პარკინგების მშენებლობის პროექტი, დოკუმენტაცია მზადდება და ახალი პარკინგის ადგილების მშენებლობა მალე დაიწყება", _ აღნიშნა პაატა ჯაჭვლიანმა.
ჯაჭვლიანი ვერ აკონკრეტებს, თუ როდის მოხდება ახალი პარკინგის ადგილების მშენებლობა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ საკითხს თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური განიხილავს.
მისივე თქმით, სანამ ახალი პარკინგის ადგილები შეიქმნება, მძღოლებმა უნდა ისარგებლონ იმ ტერიტორიებზე მანქანების გაჩერებით, სადაც ეს ამ მომენტისათვის შესაძლებელი იქნება.