16 თებერვლიდან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები იცვლება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, არქიტექტურის სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დოკუმენტის ახალ, გაუმჯობესებულ ფორმაზე გადადის. სიახლე პროცესში მონაწილე პირთათვის ინფორმაციის სწორად და სრულად მიღებას გააადვილებს.
"ელექტრონული განაცხადის ფორმა დაიხვეწა როგორც შინაარსობრივად, ისე გარეგნულად. კერძოდ, ერთმანეთისგან გაიმიჯნა აქტისა და პირობების შინაარსობრივი შემადგენლობა; აქტის ნაწილში გაუმჯობესდა რეკვიზიტებისა და განაცხადის შესახებ ინფორმაცია; პირობების ნაწილი დაიყო თავებად და ნაწილებად, რომლებშიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობით დაჯგუფდა ინფორმაცია მნიშვნელობის მიხედვით", _ აცხადებენ მერიაში.
მათივე თქმით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ახალ ფორმაში გამოიყო ოთხი თავი, სადაც მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული. ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების თაობაზე და სანებართვო პირობებთან დაკავშირებით.
"მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილების მიზანი მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პროცესში დაინტერესებულ მესამე პირთა უფლებების დაცვა და სამშენებლო საქმიანობაში რისკების შემცირებაა. კერძოდ, გამოყენების პირობების სრულად განსაზღვრა ნებართვის გაცემის პირველივე სტადიაზე ყველა შესაძლო შემაფერხებელ თუ სამშენებლო განვითრების შემზღუდავ გარემოებას გამოავლენს", – განმარტავენ მერიაში.