ამის შესახებ დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან გაზეთ "რეზონანსს" მძაფრი ინტერვიუ მისცა.
"მე დამევალა რომ ჩემს კომპანიას განეხორციელებინა პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობისთვის ტერიტორიის მოპირკეთება, რასაც მერე ამინაზღაურებდნენ. თუმცა პირობა არ შეასრულეს.
რეზიდენციის ტერიტორიაში მოხვდა ჩემი სახლიც, რაზეც ასევე კომპენსირებას დამპირდნენ, თუმცა ესეც არ შეასრულეს. ამის შემდეგ დაიბეჭდა ჩემი მძაფრი ინტერვიუ "რეზონანსში."
წავედი ლიტვაში, სადაც ბიზნესი მქონდა. იქ დამიკავშირდა უცნობი პირი, რომელმაც მითხრა, რომ პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის ტერორისტულ აქტს მომიწყობდნენ.
ამ მუქარიდან ერთ კვირაში 13 ივლისს დავბრუნდი და მეორე დღეს თავს დამესხნენ", _ განაცხადა გელაშვილმა.
გელაშვილის თქმით, ცემის შემდეგ ჯერ ღუდუშაურში და მიხაილოვში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ ოპერაცია ლიტვაში გაიკეთა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ მისი ცემა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაუკვეთა.
"სპეცრაზმელმაც მითხრა, რომ პრეზიდენტის შეურაცხყოფას არ მაპატიებდა. ის არის დამკვეთი, მერაბიშვილი და სხვები კი განმახორციელებლები და მათ ვპატიობ," _ განაცხადა გელაშვილმა.