გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძარცველებმა საკუთარ სახლში ქალი გაგუდეს, ბინიდან კი ფული და ოქროს სამკაულები წაიღეს შსს არ ადასტურებს.
ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.
"ეს ვერსია ამ ეტაპზე არ დასტურდება! ეს ქალბატონი სახლში ნახეს გარდაცვილი, დანიშნულია ექსპერტიზა რათა დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი, არც მძარცველების იქ ყოფნა დასტურდება! მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გაირკვევა მომხდარის მიზეზი", _ აღნიშნავს გიორგობიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქალი ვაგზლის ბაზრობაზე ბანანით ვაჭრობდა.
იმავე ტერიტორიაზე სხვა მოვაჭრეები სამართალდამცავებისგან საქმის დროულად გამოძიებას მოითხოვენ, სხვა შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.