საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუ რამდენი განაცხადია შესული, ამ დროისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით, ვერ ასახელებენ. ამას კი, შიგა სამუშაო პროცესის დაუსრულებლობით ხსნიან.
როგორც „გურია ნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში უთხრეს, 9 თებერვლამდე კონკრეტული ინფორმაცია ინფორმაცია არ ექნებათ, რადგან მონაცემები მუდმივად იცვლება.
„ეს არის სამუშაო პროცესი, ამიტომ ვერ დავასახელებთ იმ კანდიდატების ვინაობას, რომლებიც ახლა არიან წარმოდგენილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და დასახელებული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება. ბევრმა მათგანმა შესაძლოა არც იცოდეს, რომ კანდიდატად არის დასახელებული, ან ჩვენთან ისეთი განცხადება იყოს შემოსული კანდიდატზე, რომელიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობს. ეს უნდა გადამოწმდეს. პრეზიდენტმა თქვა, რომ კანდიდატურების მიღება 9 თებერვლამდე გაგრძელდება, ამიტომ ახლა მათი შერჩევა მიმდინარეობს“, _ აცხადებენ ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 28 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურებზე მსჯელობა 9 თებერვლამდე იქნება შესაძლებელი და მასში ყველა კომპეტენტურ პირს ექნება მონაწილეობის მიღების საშუალება.
"შემდეგ ეტაპზე გადავდივართ, პროფესიულ წრეებს საზოგადოებას ვთხოვთ 9 თებერვლამდე წარმოადგინონ მოსაზრებები კანდიდატურებთან დაკავშირებით. შემდეგ ამ კანდიდატურების სიას გაცხრილავს კომპეტენტური კომისია, ჩამოყალიბდება და ისევ საზოგადოებას აცნობებს", _ განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ეს "ღია გამჭვირვალე და უპრეცენდენტო პროცესი მნიშვნელოვანია".
ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 23 თებერვალს ეწურება. მანამდე კი, პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატურა უნდა შესთავაზოს.