ე.წ. კორტების სპეცოპერაციის შემდეგ, ზურაბ ვაზაგაშვილის ცხედარი პროზექტურაში, როგორც ამოუცნობი პროვნება ისე გადაიყვანეს.
აღნიშნული განცხადება კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ქადაგიძემ "რეაქციის" ეთერში გააკეთა:
_ ბრიფინგი მე ჩავატარე და საზოგადოებას ჩატარებული სპეცოპერაციისა და განვითარებული მოვლენების შესახებ მე ვამცნე. თავდაპირველად ბრიფინგი გადაიდო. თუმცა, მისი გადადება იმიტომ არ მოხდა, რომ ჩვენთვის დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არ იყვნენ ცნობილი.
შემთხვევის ადგილზე მაშინვე იქნა იდენტიფიცირებული ბონდო ფუთურიძე და ალექსანდრე ხუბულოვი.
რაც შეეხება მესამე პიროვნებას, ზურაბ ვაზაგაშვილს, მას არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი თან არ ჰქონდა. ავტომანქანაში მოძიებულ იქნა სხვა პირზე გაფორმებული საბუთები.
ამიტომ ის, როგორც ამოუცნობი, გადაყვანილ იქნა პროზექტურაში.
ამ შემთხვევაში გამოძიებას არ აქვს არანაირი უფლება, ოპერატიული თანამშრომლის ინფორმაციის საფუძველზე მოახდინოს პირის იდენტიფიცირება, _ განაცხადა ქადაგიძემ.