Vanrik agro group-ი 2015 წელს ლურჯი მოცვის პლანტაციების არსებული 80-დან 150 ჰექტრამდე გაფართოებას გეგმავს.
კომპანიაში „კომერსანტს" განუცხადეს, რომ გასულ წელს ექსპორტის 90% რუსეთის ბაზარზე მოდიოდა.
2015 წელს კი ევროკავშირის ქვეყნებთან – ინგლისთან, ჰოლანდიასთან, ესპანეთთან თანამშრომლობას გეგმავენ.
“ვანრიკ აგრო გრუპში” აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს გურიაში პლანტაციის ტერიტორიაზე მოცვის შეფუთვისა და გადამუშავებისთვის ქარხნის მშენებლობა-რეაბილიტაციაც იგეგმება.
კომპანიის ცნობით, ქარხანა უახლესი ტექნოლოგიის დანადგარებით აღიჭურვება. მოცვისა და კენკროვანი კულტურების გარდა ვანრიკ აგრო გრუპი 2015 წლიდან თაფლის წარმოებასაც დაიწყებს.
კომპანიაში ამბობენ, რომ მეფუტკრეობა ლურჯი მოცვის პლანტაციის მოსავლიანობასაც ზრდის და კომპანია დამატებით ლურჯი მოცვის თაფლსაც მიიღებს. მიმდინარე წლის განმავლობაში „ვანრიკი“ ISO–ს სერთიფიკატსაც აიღებს. ექსპორტის მოცულობა კი 30 ტონით გაიზრდება და 2015 წელს 100 ტონას მიაღწევს.