პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას პარლამენტს 23 თებერვლამდე წარუდგენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.
მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა სწორედ 23 თებერვალს ეწურება.
რაც შეეხება თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს, კვერენჩილაძის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე რამდენიმე ათეული განაცხადია შესული.
"კანდიდატურების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოწოდების პროცესი 9 თებერვალს, დღის ბოლოსთვის დასრულდება.
რამდენიმე ათეული კანდიდატია წარმოდგენილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამის შემდეგ შეირჩევა იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებთან ერთად და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილის მონაწილეობით გამართულ კონსულტაციებზე იქნა შემუშავებული. ამ პროცესის დასრულების შემდეგ წარადგენს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს," – აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.