7 თებერვალს ჩოხატაურში ამხანაგური მატჩი გაიმართა ადგილობრივ "ბახმაროსა" და ოზურგეთის "მერცხალს" შორის. შეხვედრა სტუმრების უპირატესობით დაიწყო. საწყის წუთებში სწორედ, ოზურგეთელი ფეხბურთელები ფლობდნენ ბურთს, თუმცა, საქმე სახიფათო მომენტებამდე არ მისულა. მასპინძლებმა მოედნის ცენტრში თამაშის დალაგება მალევე მოახერხეს და საფინალო სასტვენამდე უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. "ბახმარო" უფრო გააზრებულად და მწვავედ უტევდა, მასპინძლები მეკარესთან პირისპირ რამდენჯერმე აღმოჩნდნენ თუმცა "მერცხალის" კარი სასწაულებრივად გადაურჩა გოლს. პირველი ლიგის ბინადარი გუნდი საპასუხოდ მხოლოდ ფლანგიდან ჩაწოდებებს ახერხებდა, რასაც ადვილად უმკლავდებოდნენ მასპინძლები.
მეორე ტაიმის შუაში "ბახმაროელთა" შეტევებმა, როგორც იქნა, შედეგი გამოიღო _ ხვიჩა დიდიამ ორჯერ დაამწუხრა "მერცხალის" ფეხბურთელები და გულშემატკივარი. მერცხალმა მხოლოდ თერთმეტმეტრიანი დარტყმით შეძლო ერთი გოლი გატანა და, საბოლოოდ, ანგარიში 2:1 დაფიქსირდა.
10 თებერვალს ჩოხატაურის "ბახმარო" საკუთარ მოედანზე ჩხოროწყუს "სამეგრელოს" დასავლეთის თასზე დაუპირისპირდება. იმედია, ჩოხატაურელები "სამეგრელოს" გულშემატკივრებს სიმრავლითაც და აქტიური მხარდაჭერითაც ვაჯობებთ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved