მთავარი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი მოქმედი პოლიციელია.
ამის შესახებ შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მთავარი პროკურორის მოადგილეს დანაშაულის მოტივზე არ უსაუბრია და აღნიშნა, რომ გამოძიების დამთავრებამდე განმარტებებისგან თავს შეიკავებს:
_ "გამოძიება გრძელდება. მოტივთან და ამ პიროვნების ქმედებასთან დაკავშირებით მთელი რიგი ვერსიები არსებობს, მაგრამ საზოგადოებას ვთხოვთ, გამოიჩინოს მოთმინება, რათა გამოძიებამ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი", – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი შოთაძემ.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მხოლოდ ამფეთქებელია დაკავებული _ პირი, რომელმაც ხელყუმბარა დადო.
რაც შეეხება დამკვეთებს, შოთაძემ ამაზე საუბარი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ისურვა და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება ამას გაგებით მოეკიდება.
ირაკლი შოთაძის ინფორმაციით გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვერსია ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასაც უკავშირდება.