თურქეთის ქალაქ ანტალიაში საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე საქართველოს გუნდმა მეორე, ბოლო თამაში გამართა.
მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის საქართველოს და პოლონეთის საპარლამენტო გუნდებმა ითამაშეს და სანახაობრივად დაძაბულ თამაშში ქართველი კანონმდებლები პოლონელ კოლეგებთან ანგარიშით 3:2 დამარცხდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მატჩის შემდეგ, ქართველმა დეპუტატებმა პოლონელ მეგობრებს მოპოვებული გამარჯვება მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
საქართველოს გუნდიდან გოლები ზურაბ ზვიადაურმა და დავით ლორთქიფანიძემ გაიტანეს. თამაშის დასრულების შემდეგ, ქართველმა დეპუტატებმა დღევანდელი მატში შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მიუხედავად დამარცხებისა, საფეხბურთო მატჩი მეგობრულ და ღირსეულ გარემოში ჩატარდა.
უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ იუმორით აღნიშნა, რომ საქართველოს გუნდმა პოლონელ კოლეგებს საფეხბურთო მატჩის ანგარიშით ერთგვარად მადლობა გადაუხადეს პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.
საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირის გამარჯვება კი უნგრეთის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში მასპინძელი გუნდი 1:0 დაამარცხა.
ტურნირის დასრულების შემდეგ, მისმა მონაწილეებმა – თურქეთის, საქართველოს, უნგრეთის და პოლონეთის საპარლამენტო გუნდებმა ერთობლივი სურათები გადაიღეს. ჩემპიონატის ორგანიზატორებმა კი ტურნირში მონაწილეები შესაბამისი თასებით დააჯილდოვეს.
მინი ფეხბურთის საპარლამენთტაშორისო ტურნირი ანტალიაში 7-8 თებერვალს გაიმართა. თურქეთის რესპუბლიკაში საფეხბურთო ჩემპიონატი 2002 წლიდან ტარდება და მასში პერიოდულად სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებელთა გუნდი მონაწილეობას, წლევანდელ შეჯიბრში კი ქართულმა მხარემ პირველად მიიღო მონაწილეობა.