(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ პარასკევს, ლანჩხუთის “გურიამ” მორიგი კალენდარული შეხვედრა თბილისში გამართა და იქაურ “ზოოვეტთან” 0:1 წააგო. ეს ჩვენებურთა მეორე მარცხია ამ სეზონში. მანამდე გიგლა იმნაძის შეგირდებმა საჩხერეში “ჩიხურასთან” წააგეს მხოლოდ.
მეორე წაგების მიუხედავად, “გურია” მყარად იკავებს მეორე ადგილზე პოზიციებს _ უახლოეს მდევრებს 7-7 ქულით უსწრებს და მათთან შედარებით ერთი მატჩი თადარიგში აქვს (აუტსაიდერ “სულორთან” ლანჩხუთში) და მოგების შემთხვევაში, 4 ტურით ადრე, კონკურენტებთან 10-ქულიან ფორას მიიღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ ტურებში ერთი მოგებაც საკმარისია საუმაღლესლიგო პლეი-ოფისთვის.