აი, როგორ განვითარდა მოვლენები:
23.30 სთ. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა, მხოლოდ პოლიციის შენობიდან ისმის სარემონტო სამუშაოების ხმა.
23.35 სთ. ჩვენი გამოჩენიდან მალევე, ძეგლთან პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ავტომობილებმა “პატრულირება” დაიწყეს.
23.40 სთ. ქალაქის ცენტრალურ უბანში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარედ აღმოვაჩინეთ სპეცტექნიკა _ ე. წ. “ამწე” და ღია ტიპის სატვირთო ავტომობილი. ჩვენ სურათებს ვიღებთ.
23.41 სთ. ჩვენს მიერ ფოტოების გადაღებისას ერთ-ერთი ავტომობილიდან გადმოვიდა მძღოლი.
_ რას უღებთ სურათს, რა ხდება? _ გვკითხა შუახნის მამაკაცმა.
_ მანქანებს გადავუღეთ, თქვენია?
_ დიახ.
_ დაინახავდით, ფოტოები გადავიღე მხოლოდ.
_ რატომ?
_ ჟურნალისტი ვარ და ამის სრული უფლება მაქვს. თანაც, კარგი ხედია, _ გახუმრება ვცადე.
_ ჩვენ რა შუაში ვართ?
_ არაფერში, რაიმე დაგაბრალეთ?
_ აბა, რატომ გადაიღეთ? ჩვენ არაფერს ვაშავებთ!
_ კარგია, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, არც თუ კარგ საქმეზე უნდა იყოთ.
ჩვენი მოსაუბრე მანქანისკენ წავიდა და ბოლო კითხვა გზაში მივაწიეთ: _ საიდან ხართ?
_ ფოთიდან.
00.20 სთ. ქალაქში პატრულირება “გრძელდება”. შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ჩვენ გვითვალთვალებენ.
00.25 სთ. ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი ოპოზიციონერი გამოჩნდა. გული წყდება, რომ ქალაქის სავიზიტო ბარათად ქცეული ძეგლი გადააქვთ. მას საკმაოდ საინტერესო იდეა ჰქონია _ ჩამოეყვანა ე.წ. “მომტირალ ქალთა” ჯგუფი და ამით ხელისუფლება “გაეშაყირებინა”, თუმცა, რადგან ოფიციოზი “მოულოდნელად დააცხრა თავს ძეგლს”, ეს “გეგმა” ჩაიშალა.
00.51 სთ. სპეცტექნიკა შემთხვევის ადგილზე გამოჩნდა. ჩვენ შორიდან ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას, რადგან აშკარაა, რომ არ სურთ ძეგლის “მოხსნა” გადავიღოთ. თან გვაინტერესებს _ ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ვინ გამოჩნდება. რა თქმა უნდა, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებმაც მანამდე “წრეები გვირტყეს” და “აცნობეს იქ, სადაც საჭიროა”, რომ “ჟურნალისტი ფოტოებს იღებს”.
01.15 სთ. იწყება ძეგლის დემონტაჟი. “ღამის სპეცოპერაცია” ამწეთი ხორციელდება.
01.17 სთ. ახლოს მივდივართ და კარგად გვესმის მოპირდაპირე მხარეს განლაგებული ოფიციოზის ერთ-ერთი წარმომადგენლის (სამწუხაროდ, ვინ იყო, შორიდან ვერ გავარჩიეთ) ჩვენი მისამართით ნათქვამი ფრაზა _ მაინც მოვიდაო! მართლაც არასასურველია, როცა ხარ ხელისუფლების მსახური და ყველაფერზე თავი უნდა უქნიო შენს უფროსებს, თორემ იქ მყოფთაგან, არ მგონია, რომელიმეს “სხვა დროსა და ეპოქაში” გურულის “ჩამოგდებაზე” თანხმობა ეთქვა.
01.20 სთ. “გურულმა” ბოლოჯერ გაიბრძოლა _ ამწე შეაზანზარა, “ხელებიც შემოარტყა”, მაგრამ მალევე წინააღმდეგობა შეწყვიტა _ “დიდ ხალხთან” პატარა გურულს რა გაუვიდოდა?!
02.00 სთ. მიმდინარეობს ძეგლის ღია სატვირთო ავტომობილზე “დაბმის” სამუშაოები.
02.31 სთ. “გურულის ძეგლს” დაატოვებინეს ტერიტორია, რომელიც მას ლამის 30 წელი ეკავა და რკინიგზის სადგურისკენ ააღებინეს გეზი! იქ, სადაც უკვე წლებია, “დიდი სავაჭრო ცენტრის” გაკეთებასა და სადგურის “გამოცოცხლებას” გვპირდებიან, რისიც დღეს უკვე, ალბათ, “ნაციონალებსაც” აღარ სჯერათ.
P.S. დილით ვნახეთ, რომ “გურული” აგრარული ბაზის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, ნაგვადქცეულ ადგილზე დააგდეს, თავქვეშ ღორღის გროვა “ამოუდეს”, “უხერხულ ადგილზე” “ბრეზენტი” შემოუფარებიათ, მაგრამ უფრო უხერხული ისაა, რომ ხელისუფლება გქვია და ძეგლს ღამით ასეთი მეთოდებით “მოპარავ” საკუთარ ხალხს!