ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით სოციალურად მოწყვლადი ფენა, გამუდმებით აპელირებს პროდუქტის ფასებზე და ეს ბუნებრივიცაა. დიდი ხანია, ადამიანებისთვის თვითგადარჩენისა და გამოკვების პრობლემა დღის წესრიგის მთავარ თავსატეხად იქცა — სხვა ყოფით პირობებზე, თუნდაც მკურნალობასა თუ დასვენებაზე, ნაკლებს ფიქრობენ.
ოზურგეთში, დღის განმავლობაში რამდენჯერაც უნდა შეხვდეთ სურსათის მაღაზიებში მოძრავ მომხმარებელს, სულ ერთი და იგივე კითხვა გესმით: „ზეთმა ფასი მოიმატა, რატომ? ყველის ნაწარმი ძვირია და თუ მოემატება, თორემ არ აკლდება… რატომ?“ ერთჯერადად გამართული სასურსათო აქციები კი ხალხის კეთილდღეობაზე დიდად არ მოქმედებს.
როგორც წესი, წელიწადის ყველა დროს (ან ფორსმაჟორულ სიტუაციებში) ვატარებთ გამოკითხვას და ვეცნობით კვების პროდუქტების ფასების ცვალებადობასა და ბაზარზე არსებულ მდგომარეობას.
გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში, როგორ სასაცილოდაც უნდა მოგეჩვენოთ, ახლა ფასის წარმოუდგენელი ზრდის სამიზნე მედიკამენტი ასპირინი გახდა!
ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ ასპირინის ფასის ხუთმაგად გაზრდის შესახებ პანდემიის დროსაც ვწერდით. მაშინ, ისევე როგორც ახლა, ოზურგეთის ბაზარში მემწვანილის დახლზე ასპირინის გროვა ეყარა, აფთიაქებში კი პრეპარატი არ არსებობდა (ჩვენი შემოვლის შემდეგ, ასპირინი მხოლოდ ერთ აფთიაქში ვნახეთ — ერთი ფირფიტა 90 თეთრად). ბაზარში კი, მწვანილის გამყიდველთან, 10-ტაბლეტიანი ერთი ფირფიტა 1 ლარი ღირს!
პანდემიის დროს ხმები გავრცელდა, თითქოს ასპირინი ანთების პრევენციისთვის უნდა დაელიათ. შემდგომ წლებში, როგორც წესი, ზაფხულსა და შემოდგომაზე ფასი ოდნავ იმატებდა — თუ ადრე 1 ლარად 3-4 ფირფიტას იყიდდით, მოგვიანებით იმავე ფასად 2 ფირფიტის იშოვებოდით. ცნობილია, რომ ზამთრისთვის პროდუქტების დაკონსერვებისას, მიუხედავად აკრძალვისა, მოსახლეობა მჟავეულში მაინც აქტიურად იყენებს ასპირინს.
ახლა, როდესაც საკვების ფასების პრობლემა ისედაც მწვავედ დგას, ასპირინის გაძვირება იმ ფონზე, როცა აფთიაქებში დეფიციტია, ბაზარში კი მემწვანილის დახლი სავსეა, ბუნებრივ კითხვას აჩენს: საიდან იშოვა მემწვანილემ მედიკამენტი?
მცირე დიალოგი ერთ-ერთ გამყიდველთან:
— ასპირინი თქვენ საიდან იშოვეთ, როცა აფთიაქებში არ არის? — რაში გაინტერესებს, საიდან ვიშოვე? თუ გინდა, იყიდე. ერთი „ლისტი“ ერთი ლარი ღირს.
— ასე რატომ გაძვირდა? კიდევ ერთხელ გკითხავთ, საიდან ვიშოვეთ ამდენი? — ვერ გაიგე, რომ უკრაინაში ომია? იქიდან მოაქვთ, ვერ შემოაქვთ და გაძვირდა…
— თქვენ ახერხებთ უკრაინასთან დაკავშირებას ასპირინისთვის და აფთიაქები ვეღარ?
— რას გადამეკიდე? რაღაც წვრილმანებს ვყიდი… პენსიის ფული წამალში არ მყოფნის, — ტირილი მოერია ქალბატონს და უნებურად შევცბი…
იქაურობას გავეცალეთ და პასუხის ძებნა სხვაგან გავაგრძელეთ.
„ასპირინს ხალხი ზამთრისთვის პროდუქტის დაკონსერვებისთვის ვიყენებთ. აფთიაქში ერთმა მითხრა: მაგდენი საჭმელი თუ გაქვს შესანახი, 1-ლარიანი ასპირინის ყიდვა გაგიჭირდაო? ეს აგდებული პასუხი ხომ არის? ვისაც ფული თავსაყრელად აქვს, ის არც იმარაგებს კონსერვებს — გადაიხდის 10-15 ლარს ნახევარკილოიან პიკულში. მაგრამ ჩვენ, ხალხმა, რა ვქნათ?
მთავარი ამბავი აქ უკრაინის ომი კი არ არის, ეს არის გაფაციცებული მცდელობა, როდის გაატყაონ ხალხი. ყნოსვა აქვთ სასწაული, როგორ გაფცქვნან მოსახლეობა! ახლა აგიტაცია მიდის, ლიმონმჟავა გამოიყენეთო და ვინ იცის, ეგეც არ გააქრონ!
თხილი გაგვიფარჩაკეს გურიაში; მოცვი ერთ თვეს ვერ ინახავს თავს და სანამ მაცივრები აშენდება, საუკუნე გავა; ყანებს ხალხი ვერ თესავს და შესაბამისად, ყოველდღე ძვირდება რძე, კვერცხი და ხორცი… აი, ფასების კომისია რომ შექმნეს და ბოლოს ხალხი დაგვადანაშაულეს, მოიწვიონ თავიდან ეს კომისია და ასპირინის ფასი განიხილონ! ნუ გაგეცინებათ, ნურც წვრილმანად ჩათვლით — საქმეში ჩაეთვლებათ და ხალხიც ადვილად დაინახავს, სად არის ძაღლის თავი დამარხული!“ — ეუბნებიან „გურია ნიუსს“ ოზურგეთელი მომხმარებლები.
ეს რიგითი მომხმარებლები არსებული მდგომარეობის საუკეთესო ბარომეტრია. ადვილად მიხვდება ადამიანი, რომ როდესაც ასპირინი აფთიაქში არ არის, მემწვანილეს კი დახლი სავსე აქვს — ეს სირცხვილია.
გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ, პროდუქტის ფასების დარეგულირებისთვის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ფასების კომისია შეიქმნა. თუმცა, საბოლოოდ საკმაოდ კომიკური სურათი მივიღეთ: სასურსათო პროდუქტი ან ძვირდება, ან ერთ ნიშნულზეა და კლება არ დაფიქსირებულა.
დღეისთვის ოზურგეთში ყველაზე ძვირი ყველი ღირს — 1 კილოგრამი 15-17 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ასევე ძვირია ცოცხალი ფრინველი (ქათამი 35-40 ლარი) და გოჭი (ცოცხალი წონა — 25 ლარი/კგ). ფასების სიძვირე განსაკუთრებით აგრარულ კულტურებს, კერძოდ პომიდორს დაეტყო — 1 კილოგრამი კარგი პომიდვრის ფასი 3-3.50 ლარს არ ჩამოშორებია.

ავტორი






























































