დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" შტაბში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამოსვლა შეაფასეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოთქვამს შეშფოთებას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობასთან შეუფერებელი და საქართველოს ინტერესების შეუსაბამო მოქმედების გამო. მიუხედავად იმისა რომ 2008 წლის რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით პრემიერის გზავნილი რადიკალურად განსხვავდებოდა ქვეყნის შიგნით მთავრობის გზავნილისგან – რომ ომი სწორედ საქართველომ დაიწყო – პრემიერის უუნარობა გაეცა პასუხი საქართველოსთვის საზიანო, პროპაგანდისტული და ცრუ განცხადებებისთვის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
მაგალითად, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანტიქართული განწყობებით ცნობილმა კონსტანტინე კოსაჩოვმა კონფერენციის ერთ-ერთ კულმინაციურ მომენტში განაცხადა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ უნდა იყოს საქართველოს შემადგენლობაში, რადგანაც ისინი "საქართველოს სტალინმა აჩუქა."
ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საკუთარ გამოსვლაში, ფორმალურად, მაგრამ მაინც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ ტყუილს გასცემდა პასუხს – იტყოდა, რომ ორივე რეგიონი შედიოდა დამოუკიდებელი და საერთაშორისოდ დე-იურე აღიარებული დემოკრატიული საქართველოს საზღვრებში, რომელიც საბჭოთა რუსეთმა სამხედრო აგრესიის გზით დაიპყრო. სამწუხაროდ, ღარიბაშვილმა ამ პრინციპულ ტყუილზე არაფერი თქვა. ამ სიცრუის არ"უარყოფით კონფერენციის დამსწრეთ დარჩათ შთაბეჭდილება, რომ კოსაჩოვის მტკიცება სიმართლეა და რუსეთმა უბრალოდ დაიბრუნა ის, რაც სტალინმა საბჭოთა საქართველოს "აჩუქა."
ამასთან, პრემიერმა კვლავ არ დაუჭირა მხარი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რაც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ბოლოს, როცა პრემიერს კითხეს თუ რა აზრის იყო კონფლიქტების მოგვარების კონტექსტში ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, მან კითხვა უბრალოდ ვერ გაიგო და უპასუხოდ დატოვა.
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უსაფრთხოების ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლევანდელი გამოსვლა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რომ საქართველოს ყავს არაკომპეტენტური მთავრობის მეთაური რომელსაც არ გააჩნია ქვეყნის ინტერესების დაცვის უნარი და საჭირო ცოდნა", _ აცხადებენ ნაციონალები.