საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2900 ცალი ტუალეტის ქაღალდის შესაძენად 15 660 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს გამოცხადებული. განცხადება შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე 15 იანვრით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ამავე ტიპის ტენდერი სამინისტროს 3 თვით ადრე, გასული წლის ოქტომბერში ჰქონდა გამოცხადებული და შედეგად ორგანიზაცია "ვი დი ჯი გრუპისგან" 4356 ლარად 880 ცალი ტუალეტის ქაღალდი შეიძინა.
15660 ლარიანი ტენდერის განაცხადის ფორმაში, რომელიც 22 იანვარს დასრულდა და ამ ეტაპზე გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმების პროცესშია, შესყიდვის ობიექტის, ანუ მოთხოვნილი ტუალეტის ქაღალდის ძირითადი მახასიათებლები ასეა ჩამოყალიბებული:
"უმაღლესი ხარისხის თეთრი ქაღალდი (ექსტრა), ორი ფენა, ფენები შეწებილ მდგომარეობაში, ყოველ 11-13 სმ პერფორირებული, ქაღალდის რულონის სიგანე 12.5-13.5 სმ, სიგრძე არანაკლებ 215 მეტრი, წონა არანაკლებ 840 გრ. ქაღალდს დროებით სარგებლობაში უნდა მოყვებოდეს 74 ერთეული სმარტ კლასის მექანიკური დისპენსერი, რომლის შუა ნაწილიდან უნდა გამოვიდეს ქაღალდი".
როგორც ჩანს, სამინისტრო თითო ცალ ქაღალდში 5 ლარისა და 40 თეთრის გადახდას გეგმავდა. ტენდერში მონაწილეობას 2 ორგანიზაცია – შპს ეკოსფერო და წინა ტენდერის გამარჯვებული კომპანია "ვი დი ჯი გრუპი" იღებს. მათგან პირველი სამინისტროს აღნიშნული მოთხოვნის შესასრულებლად 13 282 ლარს სთავაზობს, ხოლო მეორე – 15 080 ლარს. ანუ შპს ეკოსფერო ფინანსთა სამინისტროს ტუალეტის თითო ქაღალდს 4 ლარსა და 58 თეთრში სთავაზობს, ხოლო "ვი დი ჯი გრუპი" – 5 ლარსა და 20 თეთრს.
სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ანგარიშსწორება 2015 წლის ბიუჯეტიდან მიმდინარე წლის დასრულებამდე მოხდება.
როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან ირკვევა, ბოლოს სამინისტრომ 4356 ლარის ღირებულების 880 ცალი ტუალეტის ქაღალდი გასული წლის ოქტომბერში შეიძინა. თითო ერთეული ტუალეტის ქაღალდის ფასი კი, სავარაუდოდ, 4 ლარითა და 95 თეთრით განისაზღვრა. ხელშეკრულების მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას შეძენილი საქონლის მიწოდება 20 დეკემბრამდე ვადაში უნდა უზრუნველეყო.
ამავე თემაზე: ამოცანა: რამდენ კილომეტრ ტუალეტის ქაღალდს მოიხმარენ სამინისტროები