"პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში 18 მარტს შედგება. ეს არის შეჯერებული, შეთანხმებული თარიღი“, _ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თარიღის შესაჯერებლად კონსულტაციები გაიმართა.
"საქართველოს პრეზიდენტის მოსვლა საქართველოს პარლამენტში, რომელიც დაგეგმილია საგაზაფხულო სესიისთვის, გახდა გარკვეული მითქმა-მოთქმის საგანი. როგორც ადრეც არაერთხელ განვაცხადეთ, ამის თაობაზე იყო კონსულტაციები, უშუალოდ პრეზიდენტთან, მის ადმინისტრაციასთან, რათა შეგვეჯერებინა მზაობა პრეზიდენტისაც და პარლამენტისაც ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის და ამ წუთის მდგომარეობით, შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ შევჯერდით თარიღზე – ეს იქნება 18 მარტი“, _ აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, სიტყვით გამოსვლის ფორმატსა და სხვა დეტალებზე პარლამენტის შეკრებისა და უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გამართული კონსულტაციების შედეგად შეჯერდებიან.
"ეს არის ის დრო, როდესაც მეც პარლამენტში ვარ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი სასესიო კვირის განმავლობაში მე არ ვიქნები საქართველოში და მე მსურს, ვუმასპინძლო პრეზიდენტს, პრეზიდენტიც, ასევე, დაკავებულია სხვა დღეებში. რაც შეეხება გამოსვლის ფორმატს და სხვა დეტალებს, ჩვენ ამაზე შევჯერდებით მას შემდეგ, რაც შეიკრიბება პარლამენტი, იქნება კონსულტაციები უმცირესობასა და უმრავლესობას შორის და მოვემზადებით ამ დღის ღირსეულად ჩასატარებლად“,_ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, მომდევნო პლენარული სხდომების კვირას პარლამენტი მიმდინარე დღის წესრიგის მიხედვით იმუშავებს.