პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, ამ ეტაპზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 30-ზე მეტი პირია წარდგენილი.
“ამ ეტაპისთვის შემოსულია 50-მდე წარდგინება, რომლითაც 30-ზე მეტი პირია დასახელებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, თუმცა ამ ეტაპზე ეს სია საჯარო ვერ გახდება იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიდის კომუნიკაცია ამ კანდიდატურებთან დაკავშირებით. მაგალითად, რამდენიმე დასახელებულმა პირმა უარი განაცხადა. მაგალითად, ბატონმა ჯონი ხეცურიანმა, ლადო ჭანტურიამ, თინა ხიდაშელმა, იური ტაბუცაძემ”, – განაცხადა კვერენჩხილაძემ და დასძინა, რომ კანდიდატების სია უახლოეს დღეებში გახდება საჯარო.
მისივე თქმით, მიღების დასრულების შემდეგ უკვე მოხდება სხვადასხვა ფორმალურ-სამართლებრივი კანონით დადგენილი კრიტერიუმების, დოკუმენტაციის და კანდიდატთა თანხმობის მიღება.
“რაც შეეხება ვადას, უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში უკვე ეს თანხმობები და თანხმობაზე უარი ამ კანდიდატებთან კომუნიკაციის შედეგად იქნება გარკვეული. საბოლოოდ სია იქნება ხელმისაწვდომი და ამის შემდგომ მოხდება შერჩევა იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც პრეზიდენტისა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების კონსულტაციების შედეგად შემუშავდა”, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.