ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატია. საპარლამენტო უმრავლესობის წვრმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხდა იმ 11 ორგანიზაციას, რომლებმაც მისი კანდიდატურა წარადგინეს და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტისათვის მისი პოლიტიკური საქმიანობა დამაბრკოლებელი არ იქნება.
ქუცნაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტს საქართველოს ენერგეტიკოსების, მინერალოგიური საზოგადოების, ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის #1 ექსპერიმენტული საჯარო სკოლის საინიციატივო ჯგუფებმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, საქართველოს ადვოკატთა ასოცოიაციამ წარუდგინეს.
წარმდგენებს შორის ასევე არიან საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი, საქართველოს ევრომეცნიერების ეროვნული სექცია – მედიკოსები, საქართველოს მეგზევეთა საზოგადოება, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი და მანანა კობახიძე გამსახურდია (განათლების პროფკავშირის ყოფილი თავმჯდომარე).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს რიგით მე-20 თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 23 თებერვალს ეწურება.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა სიების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 9 თებერვალს დასრულდა. ამ დროისათვის 30–ზე მეტი კანდიდატია დასახელებული. ამჟამად წარდგენილ კანდიდატურებს სპეციალური კომისია განიხილავს. მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩევს ქვეყნის პირველი პირი ერთ კანდიდატს და დასამტკიცებლად პარლამენტს გადასცემს.
საპარლამენტო ოპოზიციას მიაჩნია, რომ უმრავლესობის დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის შანსები, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მინიმალურია.
"თავისუფალი დემოკრატების” წევრი, დეპუტატი ნინო გოგუაძე ამის მიზეზად უმრავლესობასთან შეუთანხმებლობას ასახელებს.
მისი თქმით, თუ ქუცნაშვილს თავისი გადაწყვეტილება თანაგუნდელებთან არ შეუთანხმებია, მას მათი მხარდაჭერის მოპოვება ძალიან გაუჭირდება.
"ჩვენ თვითონ დავასახელეთ შალვა შავგულიძე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მისი პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების უნარი არის ძალიან მნიშვნელოვანი თვისებები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის. რაც შეეხება ქუცნაშვილს, ის არასამთავრობოებმა წარადგინეს და ჯერი პრეზიდენტზეა. თუ უმრავლესობა ამბობს, რომ ეს მათთან შეთანხმების გარეშე მოხდა, მე შემიძლია ვთქვა, რომ მისი შანსები მინიმალურია,” – განაცხადა გოგუაძემ.