თბილისის მერი დავით ნარმანია თანამშრომლის დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ დედაქალაქის მერია მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
ამის შესახებ თბილისის მერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს და თბილისის მერია გამოძიებას ყველანაირად ხელს შეუწყობს.
ცნობისთვის, დღეს შს სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსი, ჯოკია ბოდოკია დააკავა.
უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სსკ 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ითვალისწინებს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, ამიტომაც თბილისის მერია მიმდინარე გამოძიებას ყველანაირად შეუწყობს ხელს. ამასთან, მინდა მივმართო თბილისის მერიის სტრუქტურაში მომუშავე ყველა თანამშრომელს, კეთილსინდისიერად შეასრულონ საკუთარი უფლება-მოვალეობები. თბილისის მთავრობა არ დაუშვებს და რეაგირების გარეშე არ დატოვებს კორუფციის ან სხვა რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველ არც ერთ ფაქტს", _ განაცხადა დავით ნარმანიამ.