ამერიკის შტატ არიზონის მცხოვრებნი, მალე, შეიძლება, აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდნენ: გადაიხადონ ბეგარა არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამო, – ასეთი ინიციატივით გამოვიდა შტატის გუბერნატორი ჯენის ბრიუერი.
უფასო სამედიცინო მომსახურების პროგრამის დასახმარებლად არიზონის გუბერნატორმა წინადადება წამოაყენა, გადაახდევინონ გარკვეული თანხა შტატის მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც არაჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. უშვილო სრულწლოვანი ადამიანები, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვნად ზედმეტი წონა ან იტანჯებიან ქრონიკული სიმსუქნით და, ამავე დროს, უარს ამბობენ, შეასრულონ ექიმის რჩევები, შეიძლება, დაიბეგრონ ახალი გადასახადით – ყოველწლიურად 50 დოლარის ოდენობით. ასეთივე თანხა, შესაძლოა, გადაახდევინონ სრულწლოვან უშვილო მწეველებსაც. შესაბამისი წერილი ბრიუერმა უკვე გაუგზავნა ამერიკის ჯანდაცვის სამინისტროს.
დაავადებათა ნაციონალური კონტროლის ცენტრების მონაცემებით, 2014 წელს არიზონის შტატის მცხოვრებთა 25 პროცენტი სიმსუქნისგან იტანჯებოდა. დარეგისტრირებულ მწეველთა მონაცემები ასეთია: გასულ წელს – 15,9 პროცენტი. ჯამში, ორივე კატეგორიის ადამიანების რიცხვმა 762 ათასი შეადგინა.
„თუ თქვენ არ გსურთ, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება და პასუხი აგოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რასაც საბოლოოდ მივყავართ სახელმწიფოებრივ ხარჯებთან, მაშინ, თქვენ მოგიწევთ, მონაწილეობა მიიღოთ თანადაფინანსებაში. თქვენ პასუხი უნდა აგოთ იმისთვის, რომ თქვენი მოწევა ჩვენ საკმაოდ დიდი თანხა გვიჯდება”, – განაცხადა სახელმწიფო პროგრამის წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილემ არიზონას შტატში, მონიკა კურიმ.
ამ ახალ ინიციატივას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, კერძოდ, შტატის სენატორი კრისტინ სინემა. „ზოგიერთი ადამიანი დაავადებულია დიაბეტით და აქვს ზედმეტი წონა, რაც სულაც არ არის გამოწვეული თავისი შეცდომებით ან სიჯიუტით. არასწორია ისეთი ადამიანების დასჯა დაავადებების გამო, რისთვისაც მათ ბრალი არ მიუძღვით. ეს მიგვიყვანს ინვალიდების დასჯამდე, ხოლო მათ არაფერი დაუშავებიათ”, – განაცხადა სენატორმა.