ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4-ე დაწესებულების დირექტორის ყოფილი მოადგილე დიმიტრი ჯიჭონაია დამნაშავედ ცნო და 5 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, საბოლოოდ ამნისტიის აქტის გამოყენებით სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
სასამართლოზე დადგენილ იქნა, რომ დიმიტრი ჯიჭონაიას მხრიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულების დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით სისტემატურად ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, დაწესებულებაში შეყვანისთანავე ხდებოდა პატიმართა გაშიშვლება, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
დიმიტრი ჯიჭონაიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის 2-ე ნაწილის ა,ბ,ე,ზ ქვეპუნქტებით ჰქონდა წარდგენილი.