პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო გუნდს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის პოლიტიკური ნების ნაკლებობაში ადანაშაულებენ.
21-22 მაისის რიგის სამიტზე საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლის უფლების მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს. თუმცა, როგორც მმართველი კოალიციის პოლიტიკური ოპონენტებისა და პოლიტოლოგთა ნაწილი აცხადებს, სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს.
ამდენად, სამიტზე საქართველოს საკითხი თუ დადებითად გადაწყდა, ეს მხოლოდ ევროკავშირის პოლიტიკური ნება იქნება და არა დამსახურებული წარმატება.
თუმცა, ბუნებრივია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კეთილი პოლიტიკური ნების იმედად ყოფნა არ კმარა და საქართველომ თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს. შესაბამისად, თუ მაისში რიგის სამიტზე საქართველო გაწეული სამუშაოების შესრულებაში დადებით შეფასებას მიიღებს, წლის ბოლოს ან 2016 წლის იანვარიდან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ბიომეტრიული პასპორტები აქვთ, შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შევლენ.
მაგრამ, როგორც ჩანს, მთავრობას გეგმის შესრულების პროცესში გარკვეული ჩავარდნები აქვს. ორი დღის წინ, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ პრემიერი და სამთავრობო გუნდი გააკრიტიკა და ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ამ კუთხით 3 ძირითადი პრობლემაა – მიგრაციის პოლიტიკა, სადაც როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი; თავშესაფრის პოლიტიკა და საზღვრის დაცვის თემა.
„მე ვერ ვხედავ, რომ პრემიერი პირადად დიდ ძალისხმევას იჩენს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით,“ _ აღნიშნა მან.
პარლამენტის ამავე კომიტეტის წარმომადგენელი, „რესპუბლიკელი“ ლევან ბერძენიშვილი კოლეგას ეთანხმება, რომ „აქტიური მოქმედებაა საჭირო“, თუმცა, ამბობს, რომ „ჯერჯერობით, ოფიციალურად არაფერი არ შეფერხებულა“ და მათ „ასეთი გრძნობა“ არ აქვთ.
„მაგრამ თუ აქტიური მუშაობა არ იქნება, ბუნებრივია, შესაძლოა, შეფერხდეს. ეს უბრალოდ, გაფრთხილება იყო ხელისუფლებისათვის, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ყოველთვის სასარგებლოა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით გააქტიურდება და რიგის სამიტზე იმას მივიღებთ, რაც გვსურს,“ _ ამბობს ბერძენიშვილი „გურია ნიუსთან“.
იგი მიიჩნევს, რომ „ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“ და უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, ვიდრე პესიმისტურად.
პოლიტოლოგი ვანო ჩხიკვაძე „გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ ვიქტორ დოლიძის შენიშვნებს ყველა ნაწილში ეთანხმება. იგი აღნიშნავს, რომ თუ რიგის სამიტზე საქართველოს საკითხი დადებითად გადაწყდა, ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.
ჩხიკვაძე ამბობს, რომ გეგმის შესრულების პროცესში ძირითადი პრობლემა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოწყობაში არსებობს და ამ კუთხით განსაკუთრებით, აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთს გამოყოფს.
„ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით, საზღვრის მართვის კუთხით, ინფრასტრუქტურის შექმნაა გათვალისწინებული და ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანის მონაკვეთზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა,“ _ ამბობს ჩხიკვაძე და დასძენს, რომ ძირითადად, ეს საზღვრის იმ მონაკვეთებს ეხება, რომელიც ყოველდღიური ხედვის არეალში არ ხვდება.
პოლიტოლოგი ანტიდისკრიმინაციული კანონის მუშაობის საკითხს ეხება და ამბობს, რომ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ სრულდება აღნიშნული კანონი. ამ კონტექსტში იგი გასული წლის განმავლობაში რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტებსაც იხსენებს (ჭელა, მოხე, ქობულეთი…).
„მაისში ევროპას, ალბათ, უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ რიგ საკითხებში წინსვლაა, აღსრულების ფაზა არ არის ისეთივე აქტიური, როგორიც საკანონმდებლო ბაზაა“.
კითხვაზე, რამდენად რეალურია, რიგის სამიტზე საქართველოს საკითხი დადებითად გადაწყდეს, მით უფრო გეგმის შესრულების პროცესის ამგვარი შეფასების ფონზე, ჩხიკვაძე აცხადებს, რომ „ვერ გამოვრიცხავთ, თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს 100 პროცენტითაა გადაწყვეტილი“.
მართალია, ევროკავშირის ქვეყნები გადაწყვეტილებას ხმათა 2/3-ით იღებენ, თუმცა, ამ პროცესში კონსენსუსი ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ეს არ იქნა, ჩხიკვაძის თქმით, გადაწყვეტილებამ შესაძლოა, დროში გადაიწიოს.
მთავრობის ნელ სვლას ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებისკენ პოლიტოლოგი ორი ფაქტორით ხსნის და ამბობს, რომ ამისთვის მეტი კოორდინირება და მთავრობის პოლიტიკური ნებაა საჭირო.
„მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მაკოორდინირებელი სამუშაო ჯგუფი არის, ვფიქრობ, უფრო კრიტიკული თვალით შეხედვაა საჭირო და ამასთან, ალბათ, არ არის საკმარისი პოლიტიკური ნება.
თუმცა, ხელისუფლების დეკლარირებული მიზანია, მაისში ევროკავშირმა რიგის აღმოსავლეთპარტნიორობის სამიტზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს, უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო და უფრო მეტი პოლიტიკური ნებაც. სკეპტიკოს ქვეყნებს ევროკავშირში არ უნდა მიეცეთ საბაბი, განაცხადონ, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო ვიზის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულება,“ _ აღნიშნავს ჩხიკვაძე და დასძენს, რომ ამ შემთხვევაში დადებითი გადაწყვეტილების შანსიც მცირდება.