ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, თემურ სალუქვაძე, მისი კოლეგის, თამარ ნადირიძის განცხადებას ეხმაურება.
"მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია ქ. ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, თამარ ნადირიძის განცხადებასთან დაკავშირებით და განვაცხადო , რომ მთლიანად ვიზიარებ განცხადების შინაარსს.
თავად მე, როგორც პირველსკოლელს კარგად მესმის რას წარმოადგენს "სერის ნაძვნარი" სკოლისათვის, რას წარმოადგენს ის სკოლის პერსპექტივისათვის. ასევე ის ხომ მრავალი ადამიანისთვის ცხოვრების ისტორიის ლამაზი ფურცელი, ბავშვობა და ყმაწვილკაცობაა!
ვიმედოვნებ, რომ ამ ზნეობრივ ღირებულებებს ვერავინ ვერ გადააბიჯებს. საკითხის მნიშვნელობიდან და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე აუცილებლად მიმაჩნია ქალაქის საკრებულოში შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც აღნიშნულ საკითხს დეტალურად შეისწავლის და საჯაროს გახდის საზოგადოებისათვის.
კატეგორიულად ვაცხადებ: ვიღაცის პირად ინტერესებს არ უნდა შეეწიროს საუკუნე-ნახევარს გადაცილებული, ისტორიული სკოლის ისტორიული მემკვიდრეობა!
მზად ვარ ჩემს მეგობრებთან, თანაქალაქელებთან თუ თანაპარტიელებთან ერთად დავიცვა ჩვენი ქალაქის ერთერთი განსაკუთრებული მშვენება.
განსაკუთრებით მოვუწოდებ პირველსკოლელებს, ერთად დავიცვათ ჩვენი წარსული და მომავალი! ეს თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმეა!", _ აცხადებს თემურ სალუქვაძე.