საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი ცეცხლის გახსნას ითხოვდა, მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.
ამის შესახებ სააკშვილმა გადაცემა „არჩევანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, 2008 წლის მსგავსი მდგომარეობა ახლა უკრაინაშია.
„2008 წელს გამოვაცხადეთ ცეცხლის შეწყვეტა. ამასობაში რუსებს და ოსებს ინტენსიური ცეცხლი ჰქონდათ გახსნილი. მოსახლეობის სახლები ინგრეოდა, რადიოში გადიოდა სიგნალი, რომ ეს ყველაფერი უნდა გავანადგუროთ და ჩვენ ვიცით, რომ რაც არ უნდა მოხდეს, პასუხი არ უნდა გავცეთ. ადგილობრივი მოსახლეობა ეუბნებოდა ჩვენს ოფიცრებს და ჯარისკაცებს, თუ თქვენ არაფერის თავი გაქვთ, თუ სააკაშვილს ეშინია, მაშინ ჩვენ მოგვეცით იარაღი და თავს დავიცავთ. მაშინ მოვიდა ჩემთან თავდაცვის მინისტრი დათო კეზერაშვილი და თქვა, რომ ჩვენ ერთი ოფიცერი დაღუპულია, რამდენიმე დაჭრილია და თუ ჩვენ ახლა არ გავხსნით საპასუხო საარტილერიო, ან რაიმე ცეცხლს, შეიძლება მთელი ბატალიონი დაგვეღუპოს; ჩაგვეცხრილება და ამ ხალხს მერე ვინ ჩახედავს თვალებში?! ჩემი პასუხი იყო: სულ რომ ყველა დაგვეღუპოს, ჩვენ არ უნდა გავცეთ პასუხი“, _აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ახლა უკრაინაშიც ზუსტად ასეთი მდგომარეობაა.
"პუტინს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ეს არის მისი სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა, რომელიც საბოლოო ბრძოლაა. პუტინის ბრძოლა არის საბჭოთა კავშირის აღდგენისთვის ბრძოლა. ამიტომ ეჭვგარეშეა, რომ ის ამ ბრძოლაში ბოლომდე წავა", _ აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, „პოროშენკოს უნდა გამოეცხადებინა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, მაგრამ ხვდებოდა, რომ აცხადებს იმას, რასაც მეორე მხარე არ დაიცავს“.
„არადა, თუ არ დაიცავ ბალანს, გამოჩნდება ათასი ტალიავინი, რომელიც დაწერს, რომ კი ერთი მხარე ცუდია, მაგრამ შენც ბოლომდე არა ხარ მართალი,“ _ აცხადებს სააკაშვილი.