რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას – "თუ ნატო საქართველოს ალიანსში "ჩათრევის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს", – დავით ზალკალიანი ეხმაურება.
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლავროვის განცხადებას საქართველოს მიმართ მუქარად აფასებს. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ვარაუდს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. სამოკავშირეო დოკუმენტის გაფორმების მიზანია, საქართველოს სირთულეები შეექმნას ნატოში გაწევრიანების გზაზე.
"საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე აუცილებლად მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს, რადგან რუსეთის საქმე არ არის, საქართველო უსაფრთხოების რომელ ალიანსს აირჩევს. ნატო კი, ქართველი ხალხის არჩევანია. ამიტომ, მე ამ განცხადებას მუქარად აღვიქვამ. საქართველომ აქტიური მუშაობა უნდა გააგრძელოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია უნდა მოახდინოს," _ უთხრა "გურია ნიუსს" დავით ზალკალიამა.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ ნატო საქართველოს ალიანსში "ჩათრევის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს.
"ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობის საკითხი. ამასთან, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საჭიროა, სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტის გაფორმება ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, რაც 2008 წლის მოვლენების გამეორებას თავიდან აგვაცილებს," _ განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ნატო-ს მიერ თბილისის "ჩათრევის" მცდელობის ფონზე.