პარტია "თავისუფალი საქართველოს" გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე ბიძიმა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნებას ითხოვს:
_ ლარის გაუფასურების პროცესმა ქვეყანაში უმწვავესი ეკნომიკური კრიზისი შექმნა. მთავრობა ვერანაირად ვერ აჩერებს ლარის ვარდნას. ეროვნული ბანკის მცდელობებმა დოლარის ინტერვენციის გზით მოეხდინა ლარის დევალვაციის პროცესის შეჩერება შედეგი ვერ გამოიღო, ვინაიდან ხელისუფლება არანაირ ნაბიჯებს არ დგამს ეკონომიკური პროცესების ხელშესაწყობად და გასაჯანსაღებლად (მაგ. არ ამცირებს გადასახადებს, პირიქით ლუდზე და თამბაქოზე აქციზებს ზრდის, არ არსებობს კონკურენტული ბიზნეს გარემო, მონოპოლიებს მწვანე შუქი აქვთ და მრავალი სხვა).
საქმე იქამდე მივიდა, რომ მთავრობა სავალუტო ფონდის მისიისაგან სესხის აღებას აპირებს, რომელიც მიმართული იქნება არა ეკონომიკის გაჯანსაღებისაკენ, არამედ ლარის "გამყარებისაკენ", რაც კიდევ უფრო უარეს დღეში ჩააყენებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.
სახეზეა ღარიბაშვილისა და მისი გუნდის სრული იმპოტენცია. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფოს მიერ კრიზისის დასაძლევად აღებული სესხები საბოლოოდ ანადგურებს ეკონომიკას.
სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე მოვითხოვ დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტს და თუ ის ”უნარიანი” ბიზნესმენია და არა მაღალი დონის მაქინატორი, დაიწყოს ქვეყნის გამოყვანა ეკონომიკური კოლაფსიდან და საქართველოს სახელმწიფოსაც მოაპოვებინოს მილიარდები, _ აღნიშნავს შალამბერიძე.