"ლარის კურსთან დაკავშირებით გვაქვს გაწერილი გეგმა და ყველა ეს კომპონენტი ემსახურება იმას, რომ გამოსწორდეს სიტუაცია ძალიან სწრაფად, ასევე ინვესტიციების ხელშეწყობის კუთხით გვაქვს ჩვენ არაერთი საინტერესო მექანიზმი და წინადადება",_ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისი განმარტებით, რეგიონში მიმდინარე პროცესები ასახვას ჰპოვებს ლარის კურსზე, თუმცა ხელისუფლებას გააჩნია კონკრეტული გეგმა სიტუაციის გამოსასწორებლად.
"რეგიონში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რთული სიტუაციაა უკრაინაში, ზოგადად ევროპაში არის კრიზისი. შესაბამისად, საქართველო თავისი პატარა ეკონომიკით არის მიერთებული ამ გლობალურ ეკონომიკასთან. ეს ბუნებრივია აისახება ჩვენს ეკონომიკაზე ნეგატიურად და ვერ ვიქნებით გამონაკლისი და წარმატებული ასეთ ვითარებაში. საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმები. ჩემი დავალებით მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს აქტიურად. ვმუშაობთ კოორდინირებულად 24 საათის განმავლობაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად. გვაქვს გაწერილი გეგმა და ყველა ეს კომპონენტი ემსახურება იმას, რომ გამოსწორდეს სიტუაცია ძალიან სწრაფად,“-აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ვინაიდან ლარის გაუფასურებამ მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია მოქალაქეების ჯიბეზე და კომპანიების ფინანსურ შედეგებზე, მთავრობა მზად არის, ადმინისტრაციული ხარჯები შეამციროს.
"ჩვენც მზად ვართ ასევე ვთქვათ, შემოვიჭიროთ ქამრები და მუშაობა აბსოლუტურად ეფექტურად, კორდინირებულად და ერთიანად გავაგრძელოთ. ჩვენ ალბათ, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაც მოგვიწევს. უნდა გადავხედოთ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად გონივრულად, მიზანმიმართულად და რაციონალურად ვხარჯოთ ჩვენი ბიუჯეტი", _ აღნიშნა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, მთავრობა ასევე აპირებს გადახედოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს.
„მაგალითებს გეტყვით: აზერბაიჯანმა სულ ახლახანს გამოაცხადა, რომ მათი ეკონომიკური ზრდა იქნება 1.5%. სომხეთის და მოლდოვას 0%, ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაქსიმუმი 1,2%-ია. ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით გამონაკლისი. დაგეგმილი გვქონდა 5%-იანი ზრდა, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში მოგვიწევს ამის გადახედვა", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე კომენტარი გააკეთა აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებზე. მისი განმარტებით, ადგილი ჰქონდა "ქართული ოცნების" რამდენიმე ყოფილი წარმომადგენლის მოღალატეობრივ ქმედებას, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
"რაც აჭარაში ხდება, ეს მარტივი ასახსნელია. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" გაურიგდნენ, მაგრამ იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. ის, რომ ორმა, სამმა ასე ვთქვათ დეპუტატმა მოღალატეობრივად დატოვა ჩვენი გუნდი და გაურიგდა "ნაციონალურ მოძრაობას", ეს მათი არჩევანია, ჩვენ ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება გვექნება", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.