(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გასულ კვირას ურეკში, სასტუმრო “კოლხიდაში”, ქორწილი გამართულა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შემთხვევით, “ქართული ხმების” ძველი თაობის რამდენიმე მომღერალი და პოლიტიკაში ახალმოსული ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილი ერთად მოხვედრილან. როგორც წყარო ამბობს, ცნობილი მომღერლები თავიანთ საქმეებზე იყვნენ ურეკში და საერთოდ არ იცოდნენ, იმ დღეს “კოლხიდაში” ქორწილი თუ იქნებოდა.
სტუმრებს შორის ხელისუფლების და უშიშროების თანამშრომლებიც ყოფილან, საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად. თითქმის ყველა გაუხარებია “ქართული ხმების” წევრების გამოჩენას, მაგრამ იქვე ახლოს ყოფილა კუდ-ის თანამშრომელიც, რომელსაც ნახევარ საათში დაუტოვებია ქორწილი, რის შემდეგ დაიწყო ის, რაც, ალბათ, არავის გაუკვირდება _ “ქართული ხმების” ვარსკვლავებმა მეფე-დედოფალს რამდენიმე სიმღერა მიუძღვნეს, მეტსაც აპირებდნენ, მაგრამ… მათ ადიკო ივანიშვილთან ერთად ადრე მოუწიათ ქორწილის დატოვება.
წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანის სატელეფონო ზარის შემდეგ, მომღერლები ოპოზიციად “მოუნათლავთ”, რადგან ანსამბლის წევრები ბიძინა ივანიშვილის უახლოესი მეგობრები არიან. როგორც ჩვენ გვითხრეს, სიტუაცია ადიკო ივანიშვილს გამოუსწორებია და “ქართული ხმებისთვის” უთქვამთ, რომ ქეიფი მასთან, სახლში, გაეგრძელებინათ.